მთავარი,სიახლეები

ოთხი მუზეუმი ერთად – აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა

11.05.2018 • 5107
ოთხი მუზეუმი ერთად – აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა

ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა №4 – ამ მისამართზე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი მდებარეობს, თუმცა პირველი ივნისიდან ეს ახალი ორგანიზაციის მისამართი იქნება.

აჭარის მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აჭარის მუზეუმი“ შექმნა, რომელიც ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს გააერთიანებს. აჭარის მუზეუმში გაერთიანდება ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმიც, რომელიც აქამდე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექვემდებარებოდა.

აჭარის მუზეუმის შექმნის შესახებ დადგენილება 2018 წლის 3 მაისსაა მიღებული და მას ხელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აწერს.

„აჭარის მუზეუმზე“ კონტროლს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი „აჭარის მუზეუმის“ მიზნობრივი დაფინანსება უნდა უზრუნველყოს.

მუზეუმის დირექტორს აჭარის განათლების სამინისტროს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე მთავრობა – მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

აჭარის მუზეუმის დირექტორს ორი მოადგილე ეყოლება, მუზეუმის საკონსულტაციო ორგანო კი მეცნიერთა საბჭო იქნება.

მუზეუმს, სამინისტროს თანხმობით, შეეძლება უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; სესხის აღება; თავდებობა; ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა და სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

მუზეუმის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; ბუკლეტების და სხვა თვალსაჩინო მასალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; შემოსავლები, რომლებიც მიიღება ექსპონატებისა და კოლექციების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სატელევიზიო და სხვა სახის ტრანსლაციით კომერციული მიზნებით გამოყენებით; შემოსავლები, რომლებიც მიიღება მუზეუმის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; გრანტები და შემოწირულობები და ა.შ.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, მუზეუმების გაერთიანებისა და მოსალოდნელი ცვლილებების თემაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, უკვე შედგა შეხვედრა მუზეუმების წარმომადგენლებთან, რომელზეც მოსალოდნელი ცვლილებები იყო განხილული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: