სწავლა საზღვარგარეთ – აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2018 წლის „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.

ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს საშუალოდ 12 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2018 – 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწარმოებს 2018 წლის 18 მაისის ჩათვლით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.