მთავარი,სიახლეები

სოციალური შემწეობის მიღება სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეძლებათ

11.05.2018 • 1699
სოციალური შემწეობის მიღება სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეძლებათ

სოციალური შემწეობის მიღების უფლება იმ ოჯახებსაც ექნებათ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობენ – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

მოსარჩელე თამარ თანდაშვილმა სადავოდ გახადა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, რომლის თანახმად, „პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს.“

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო უთანასწოროდ ეპყრობა, რადგან სოციალურ შემწეობას იღებენ სხვა ადამიანები, ვინც ასევე უკანონოდ შესახლდა სახელმწიფო საკუთრებაში სადავო წესის ამოქმედებამდე. მოსარჩელეები ასევე მიიჩნევდნენ, რომ ეს წესი ლახავს ადამიანის ღირსებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებით სარგებლობის მიზნებისათვის თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენს ყველა ის პირი, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში, იმის მიუხედავად, როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი პირების ნაწილს ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, ნაწილს კი – არა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მოახდინოს საკუთარი ქონების ხელყოფის აღკვეთა, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ ხდიდა სადავოდ, თუმცა ქონების ხელყოფის აღსაკვეთად გამოყენებული ღონისძიების შერჩევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო.

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსების უფლებასთან მიმართებით შეაფასა იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობა და მიიჩნია, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენებით სახელმწიფო საკუთარი ქონების დასაცავად, მისი ხელყოფის აღსაკვეთად, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად, შესაბამისად იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.

საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: