მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება

11.05.2018 • 8819
კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება
ქობულეთი იერსახეს იცვლის

მიმდინარე მშენებლობების მიხედვით, კიდევ ერთი ზღვის ქალაქი საქართველოში – ქობულეთი იერსახეს იცვლის, აქ დაბალ, ორსართულიან სახლებს ანგრევენ და მაღლივი კორპუსების მშენებლობას იწყებენ. ცენტრალურ ქუჩებში მდებარე ორსართულიანი სახლების აივნებიდან ისე აღარ ჩანს ზღვა, როგორც ადრე ჩანდა, ზოგიერთი აივნიდან კი ზღვას საერთოდ ვეღარ დაინახავ, – ზღვის ხედი ახალაშენებულმა ბეტონის კედლებმა გადაფარა.

განსაკუთრებული სამშენებლო ბუმი თამარ მეფის სანაპიროზეა. ეს ქუჩა ზღვას უყურებს, შესაბამისად, ბინა ზღვის ხედით უფრო ძვირად იყიდება. ამ ქუჩაზე ბევრი ორსართულიანი სახლის ადგილას უკვე სამშენებლო მოედანია. ბევრი სახლის მეპატრონესთან კი მშენებლებს მოლაპარაკება აქვთ წამოწყებული.

ქობულეთი, თამარის სანაპირო. ფოტო : ცაგო კახაბერიძე

მშენებლობები საინფორმაციო დაფის გარეშე

ქობულეთში დაინტერესებული პირი ვერ გაიგებს, რა სიმაღლემდე იზრდება ქალაქი. სამშენებლო მოედნებზე უმეტესწილად განთავსებული არ არის საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც შესაბამისი ინფორმაციის ამოკითხვა იქნებოდა შესაძლებელი. ამის უზრუნველყოფას ქალაქის მერიას კანონმდებლობა ავალებს.

„რა შენდება აქ? – სახლი.

რამდენსართულიანი?… [დუმილი ]

არ იცით რამდენსართულიან სახლს აშენებთ?… ისევ დუმილი

საინფორმაციო დაფა რატომ არ გაქვთ? – „ყველაფერი იქნება“

მშენებლობაზე ზედამხედველმა პირმა, რომელიც ქობულეთში, რუსთაველის #73-ში  საფუძვლის ჩაყრის მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებოდა, კითხვებზე პასუხები არ გაგვცა. მას დაავიწყდა კომპანიის სახელი, რომელშიც მუშაობს და ისიც, აქვს თუ არა ამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა.

ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა #73 ბ

ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყეს, მანამდე 1948 წელს აშენებული ისტორიული სახლი და ასევე, რამდენიმე ერთი და ორსართულიანი სახლი დაანგრიეს.

ინფორმაციისთვის ქობულეთის მერიას დავუკავშირდით. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, რუსთაველის #73-ში მშენებლობას საინფორმაციო ბანერის გარეშე „კაპიტალ სითი გრუპი“ აწარმოებს. „სამშენებლო ნებართვა გაცემულია, რაც შეეხება საინფორმაციო  ბანერს, ჩამოვარდაო და ახლა მიმდინარეობს მონტაჟი“, – გვითხრეს პრესცენტრში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „კაპიტალ სითი გრუპი“ ქობულეთში, რუსთაველის #73 გ-ში 810 კვადრატულ მეტრს ფლობს. უკვე წამოწყებული საძირკვლის ჩაყრის სამუშაოების მიხედვით, კომპანია სრულ ფართობს იყენებს სამშენებლოდ. შესაბამისად, გამწვანებისთვის ადგილი გათვალისწინებული არ უნდა იყოს. რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ამ ადგილის ყოფილ მესაკუთრეებს კომპანიამ ფულიც გადაუხადა და ახალაშენებულ სახლში ბინებსაც შეჰპირდა.

„კაპიტალ სითი გრუპი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას ქობულეთში მცხოვრები ავთანდილ ყურშუბაძე ფლობს.

ქობულეთის ცენტრალურ ქუჩებში რამდენიმე მიმდინარე მშენებლობის კარკასი ათ სართულს ითვლის და გრძელდება. რას ფიქრობენ ქობულეთში მცხოვრებლები წამოწყებულ მშენებლობებზე? – ადგილობრივებს ამაზე საუბარი დიქტოფონთან არ სურთ:

„აქ ყველა ერთმანეთის ნათესავი ან მეზობელია და ხელს ხომ არ შევუშლით ერთმანეთს“.

ინტენსიური მშენებლობებია სანაპიროს ქუჩაზე, სადაც ზღვა უფრო ახლოსაა – ამ ქუჩაზე მხოლოდ სამ კვარტალში სამშენებლო პროცესი ხუთ ადგილზეა წამოწყებული.

მათ შორისაა, მაგალითად, მიმდინარე მშენებლობა თამარ მეფის სანაპიროს #66-ში, რომელსაც შპს „ლუნა ბილდინგი“ აწარმოებს. ადგილზე მხოლოდ კომპანიის სარეკლამო ბანერია გამოფენილი. მშენებლები კი აქ, როგორც სხვა მშენებლობებზე, კითხვებს არ პასუხობენ – მათ არაფერი იციან. რეესტრის მონაცემებით, ამ ადგილზე „ლუნა ბილდინგმაც“ ძველი სახლები აითვისა.

ქობულეთი, თამარის სანაპირო. ფოტო: ცაგო კახაბარიძე

„ლუნა ბილდინგი“ 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა და უკრაინის მოქალაქეს, ალინა მარტინკოს ეკუთვნის.

საინფორმაციო ბანერი არც „ოლიმპი ჯგუფს“ აქვს გამოკრული, რომელიც მაღლივ კორპუსს თამარ მეფის სანაპიროს #46-ში აშენებს.

ქობულეთი. თამარის სანაპირო. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

საქართველოს კანონმდებლობა საინფორმაციო დაფის განთავსებას არამხოლოდ მიმდინარე მშენებლობის პროცესში, არამედ მშენებლობის დაწყებამდეც ითხოვს. კანონის მიხედვით, ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს ჯერ კიდევ დაგეგმილი პროექტის საჯაროობა და სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას საინფორმაციო დაფა, უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის შესახებ.

თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვას იღებს #57 დადგენილების შესაბამისად, იგი ვალდებულია საინფორმაციო დაფაზე დამატებით განათავსოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

გარდა ამისა, საინფორმაციო დაფაზე უნდა აისახოს სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.

ათვისებული ტროტუარები

ისევე როგორც ბათუმში, მშენებლებს აქ საზოგადოებრივი სივრცეების, მათ შორის ტროტუარების ათვისებაც დაუწყიათ, ნებართვით თუ უნებართვოდ, ეს ჯერ ვერ გავარკვიეთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: