მთავარი,სიახლეები

„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები

11.05.2018 • 3122
„ბათუმის წყალს“ უკანონობაში ადანაშაულებენ – მილიონიანი ტენდერის დეტალები

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“, ერთმილიონიანი ტენდერის გამო, დავების საბჭოში უკვე ხუთჯერ უჩივლეს. მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ „ბათუმის წყალი“ აფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, „ბათუმის წყალს“ პროკურატურაში უჩივლებს.

ტენდერი „ბათუმის წყლის“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეა გამოცხადებული და შესყიდვის ღირებულება 1 მილიონ 50 ათას 700 ლარია. მომსახურება გულისხმობს ავტომანქანების „დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას“.

ტენდერი „ბათუმის წყალმა“ 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება ამ დრომდე ვერ მოახერხა. შესაბამისად, მეხუთე თვეა ავტომანქანების „დროული და სრულყოფილი შეკეთება“ ვერ ხერხდება.

„ბათუმის წყალს“ ყველაზე დაბალ ფასად მომსახურებას შპს „გ. დრაივი“ სთავაზობდა – 840 561 ლარად. აღსანიშნავია, რომ „გ. დრაივი“ ბათუმში 2017 წლის დეკემბერში, ტენდერის გამოცხადებამდე 23 დღით ადრე დაარეგისტრირა გიორგი თურმანიძემ, რომელიც ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. კომპანიის საქმიანობის საგნად წესდებაში ავტონაწილებით ვაჭრობაა მითითებული.

„ბათუმის წყალმა“ კომპანიას დოკუმენტების დაზუსტება მოთხოვა. ტენდერის სხვადასხვა ეტაპზე კი, დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების გამო, ეს კომპანია სატენდერო კომისიამ ორჯერ გამოავლინა გამარჯვებულად, ბოლოს კი იძულებული გახდა დისკვალიფიკაცია მიეცა. ერთმილიონიანი ტენდერი „ბათუმის წყალს“ ისე აქვს გამოცხადებული, რომ შეფასების კრიტერიუმებში პრეტენდენტის გამოცდილება ჩადებული არ არის.

მომჩივანი მხარე აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისია თავისი „სადაო  გადაწყვეტილებებით, არღვევდა თავისუფალი ვაჭრობის, ჯანსაღი კონკურენციისა და მიუკერძოებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს“.

„გ. დრაივი“-ის დისკვალიფიკაციის შემდეგ, სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება უკვე მეორე პრეტენდენტს, შპს „თაზუს“ მოსთხოვა, რომელიც წინა პრეტენდენტისგან განსხვავებით მომსახურებას გაცილებით მეტად – 989 ათას ლარად სთავაზობდა „ბათუმის წყალს“.

სწორედ შპს „თაზუ“ უჩივის „ბათუმის წყალს“, როგორც პირველი პრეტენდენტის, ასევე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასებების გამო. დავების საბჭომ დაავალა სატენდერო კომისიას „თაზუს“ დოკუმენტაციის შეფასება „განახორციელოს საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებითა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

„ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიამ განიხილა საკითხი და შპს „თაზუს“ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა. ოქმის მიხედვით, კომისიამ მიიჩნია, რომ „შპს „თაზუს“ მხრიდან ადგილი აქვს სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას“.

„თაზუში“ განმარტავენ, რომ მთავარი საკითხი ეხებოდა დოკუმენტში ტერმინების „მოიჯარისა“ და „მეიჯარის“ არევას, რასაც სატენდერო კომისიამ არ მიაქცია ყურადღება და პირიქით, მათ მიუთითეს შეცდომაზე და თხოვეს კომისიას ოქმში შესწორების შეტანა, რაც კომისიამ არ გაითვალისწინა. ამასთან, კომისიამ ჩათვალა, რომ „თაზუს“ მიერ წარდგენილი იჯარის ხელშეკრულება არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და მას არ ჰქონდა იურიდიული ძალა. „თაზუში“ კი აცხადებენ, რომ კომისიას რეგისტრაციის ცნობა უნდა მოეთხოვა.

„თაზუმ“ სატენდერო კომისიის აღნიშნული ოქმიც გაასაჩივრა და მიუთითა, რომ „მოცემულ ტენდერთან დაკავშირებით შპს „თაზუს“ მიერ წარდგენილი იქნა სამი საჩივარი და სამივე საჩივარი გადაწყდა პრეტენდენტის სასარგებლოდ, სატენდერო კომისიამ აღნიშნული საჩივრების გამო გაატარა სადამსჯელო ღონისძიება და სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინა „თაზუს“ დისკვალიფიკაცია ყველაზე მძიმე – არაკეთილსინდისიერი ქმედების საფუძვლით“.

არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო დისკვალიფიკაციით „თაზუ“ მოხვდება არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, რის გამოც მას ერთი წლით აეკრძალება სახელმწიფო შესყიდვებში ხელშეკრულებების დადება და ტენდერებში მონაწილეობა. ამასთან, დაკარგავს მოცემულ ტენდერში წარდგენილ საგარანტიო თანხას – 10 500 ლარს.

დავების საბჭომ „თაზუს“ ბოლო საჩივარიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიას კვლავ დაავალა „თაზუს“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება „განახორციელოს საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებითა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

დავების საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 3 მაისს მიიღო, სატენდერო კომისიას კი ამ საკითხზე დღემდე არ უმსჯელია. ტენდერს მინიჭებული აქვს სტატუსი – „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, სადაც მონაწილე პრეტენდენტებიდან „გ. დრაივი“ დისკვალიფიცირებულია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, ხოლო „თაზუ“ – არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.

„ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ შეწყვეტილა, ელოდებიან შესყიდვების სააგენტოსგან ტენდერის სტატუსის შეცვლას და კომისია „თაზუს“ დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების მიზნით ხელახლა შეიკრიბება. „აქ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ შეკრებილა, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში შპს ,,ბათუმის წყლის“ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა მანუჩარ მანველიძემ.

„თაზუში“ კი აცხადებენ, რომ ტენდერისთვის სტატუსის შეცვლაზე სააგენტოსთვის „ბათუმის წყალს“ აქამდე უნდა მიემართა, თუმცა არ მიუმართავს.

„მიხედავად იმისა, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად და უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ, „ბათუმის წყალი“ დღემდე არ ახდენს გადაწყვეტილების შესრულებას, აღნიშნული ფაქტის შესახებ 2018 წლის 10 მაისს შევატყობინეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოვითხოვეთ საჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმის გამოყენება და შპს „ბათუმის წყალის“ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენება.

იმ შემთხვევაში თუ ბათუმის წყალი გააგრძელებს უკანონო ქმედებებს და შეაფერხებს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას შესაბამისი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „თაზუს“ ადვოკატმა რუსლან ბერიძემ.

„ტენდერის დაუსრულებლობა არ წარმოადგენს პრობლემას „ბათუმის წყლისთვის“, ვინაიდან კომპანიას გააჩნია საკუთარი ავტოფარეხი, ხდება ნაწილების შესყიდვა სხვადასხვა ფორმით და ავტომანქანების შეკეთება საჭიროებისამებრ. ამ ეტაპზე ავტომანქანების ტექნიკურად გაუმართაობის პრობლემა კომპანიაში არ დგას“ – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

მიუხედავად ამისა, პრესსამსახურში ისიც დაგვიდასტურეს, რომ ის მომსახურება [ავტომანქანების შეკეთება], რაზედაც ტენდერია გამოცხადებული და რისთვისაც ერთ მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული, აუცილებლად უნდა შესრულდეს ტენდერში გამარჯვებულის მიერ და ეს სამუშაოები „კომპანიის ავტოფარეხში ვერ შესრულდება“.

ტენდერი, კი როგორც მომჩივანი მხარე აცხადებს, იმის გამო ჭიანურდება, რომ „ბათუმის წყალმა“ სამ შემთხვევაში არ შეასრულა დავების საბჭოს გადაწყვეტილება.

„იმ შემთხვევაში თუ „ბათუმის წყლის“ სატენდერო კომისიის წევრების მიმართ არ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი და ჩვენს  მსგავსად კეთილსინდისიერი კომპანიები დაუსრულებლად გაასაჩივრებენ საბჭოში მოგებული გადაწყვეტილებების არ შესრულებას და რეალურ შედეგს ვერ მიიღებენ, ეს იქნება ძალიან საშიში პრეცენდენტი, რადგან დავების საბჭოს მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, [რომელიც გამოხატულია საჩივრების რაოდენობაში] შემცირდება. „ბათუმის წყლის“ მსგავს შემსყიდველ ორგანიზაციებს და არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებს ექნებათ ე.წ „მწვანე შუქი“ მოკლან თავისუფალი კონკურენცია, შევიდნენ კორუფციულ გარიგებებში და დანაშაულებრივი გზით უპირატესობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში“ – აცხადებს იურისტი რუსლან ბერიძე.

„ბათუმის წყალის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ ქოქოლაძეა.

2017 წლის იანვრიდან დღემდე „ბათუმის წყალს“ დავების საბჭოში 30-ჯერ უჩივლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: