„ჩემი მეუღლე ჯერ არ ჩამირთავს“ – რას უპირებს ინფექციური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ექიმებს

„ჯერ ჩემთან მოვიდნენ და დამელაპარკონ, ჟურნალისტებთან რომ მორბიან,“ – ეს რეაქცია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ახალ დირექტორს, ციური აბულაძეს ჰქონდა. მას ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ექიმის თქმით, საავადმყოფოში მუშაობის ახალი განრიგი დაწესდა და ვინც დამატებით ვერ იმუშავებს, მას ანაზღაურება შეუმცირდება, ხოლო საქმეს ახალი თანამშრომლები გააკეთებენ. ციური აბულაძე ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორად პირველ მარტს დანიშნეს. იგი პარლამენტარის – ილია ნაკაშიძის მეუღლეა.

„ასეთი ფრაზა მე არ მითქვამს. მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ ვინც არ შეასრულებს დავალებებს, ვინც არ გააკეთებს იმას, რაც პაციენტზეა ორიენტირებული და დაწესებულების დონის ამაღლებაზე, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს. მგონი, ნებისმიერ დაწესებულებაში ასეა. აბსოლუტურად არც ერთისთვის არ მითქვამს გაშვება, მაგრამ ის, რაც შინაგანაწესით არის დაწესებული, ყველა თანამშრომელმა უნდა შეასრულოს… არაფერი არ იცვლება, იქნება 24-საათიანი მორიგეობა სამი დღის დასვენებით და დილიდან მოვლენ ისევ სამუშაოზე. იყო ადრე, ზოგი დღისით მოდიოდა, ზოგი შუადღის შემდეგ მოდიოდა, ასე აღარ იქნება,“ – გვითხრა ციური აბულაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ვკითხეთ, ამ დროისთვის არსებობენ თუ არა თანამშრომლები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს განრიგი მათთვის მიუღებელია.

„იცით რა, დაწესებულება 200 კაცს ვერ მოერგება, 200 კაცი უნდა მოერგოს დაწესებულებას. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველას ხელი შევუწყო, მაგრამ მე მათ ვურჩევდი, რომ პირველად ჩემთან გაერკვიათ საქმე… თქვენ პროკურორის დაკითხვას მიწყობთ, მაინტერესებს, ვინ მოვიდა თქვენთან. მობრძანდით, გაარკვიეთ, ვინ რამდენ საათს მუშაობს და თუ ნახავთ, რომ ვინმეს ზედმეტად ვამუშავებთ, შეგიძლიათ დაწეროთ ამის შესახებ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზედმეტს ამუშავებს, მიმართოს სასამართლოს,“ – ამბობს ციური აბულაძე.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ასევე ვკითხეთ დარღვევებზე, რაც ამ დაწესებულებაში 2016 წელს დააფიქსირა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ. საავადმყოფოს წინა დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ. იგი სასამართლომ მხოლოდ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

ციური აბულაძე ამბობს, რომ დანიშვნისთანავე მან აუდიტის სამსახური მოიწვია. „დასკვნა უკვე დაიდო, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ. მითხრეს, რომ უკვე მზად არის,“ – დასძენს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი. მისი თქმით, საავადმყოფოს ამ დრომდე არ გადაუხდია 2016 წელს დაკისრებული ჯარიმა – 206 231 ლარი, რადგან ამ კუთხით ცალკე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და სამედიცინო დაწესებულება მის დასრულებას ელოდება.

ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ამოქმედდა ახალი ფლიგელი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს დაფინანსებით გარემონტდა. ციური აბულაძე განმარტავს, რომ მომავალი კვირიდან ახალ ფლიგელში მიმღები განყოფილება და სამორიგეო ამოქმედდება, ასევე ექოსკოპიისა და რენტგენის კაბინეტები.

სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს ციური აბულაძე პარტნიორად ისევ TIKA-ს ახსენებს და ამბობს, რომ „ყველაზე მწვავე საკითხებიდან“ იწყებს საქმეს. „მწვავე საკითხად“ ახალი დირექტორი ტუბერკულოზის დეპარტამენტის შენობას ასახელებს, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ციური აბულაძე მიიჩნევს, რომ ახალი ფინანსური რესურსების მოძიებას შეძლებს და  მხოლოდ ბიუჯეტში თანხის გაჩენას არ დაელოდება. მიაჩნია, რომ დაწესებულებას პროფესიონალი კადრები ემსახურებიან და მომსახურების სერვისის გაზრდით უფრო მეტი პაციენტი მიაკითხავს ამ კლინიკას.

„ძალიან ბევრი სამუშაოა. მინდა, რომ დაწესებულებამ დაიბრუნოს ძველი დიდება და ძველი ღირსება,“ – ამბობს ის.

აქვს თუ არა ციური აბულაძეს მეუღლის მხარდაჭერის იმედი, რომელიც პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია? – ციური აბულაძე შეკითხვას ასე უპასუხა:„ჩემი მეუღლე იმდენად დაკავებულია თავისი საქმეებით, რომ ჯერჯერობით ამ საკითხებში არ ჩამირთავს“.

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი