განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ იაზრებენ ქართველი ბავშვები წაკითხულს? – ფასილიტატორის შეფასება

10.05.2018 • 6071
რატომ ვერ იაზრებენ ქართველი ბავშვები წაკითხულს? – ფასილიტატორის შეფასება

PIRLS -ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების, ანალიზისა და გამართული კითხვის მაჩვენებელი. რატომ ვერ ახერხებენ ქართველი მოსწავლეები წაკითხულის გააზრებას, რატომ არ შეუძლიათ ანალიზი და ვის მიუძღვის დიდი წვლილი ამ პრობლემაში – მასწავლებელს, მშობელს თუ განათლების სისტემას? პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ფასილიტატორ მასწავლებელსა და ტრენერს, ია კუპრაძეს ესაუბრა.

ქალბატონო ია, შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც, თქვენი აზრით, ვერ ხდება ქართველ ბავშვებში ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა თუნდაც გამართული კითხვა და წაკითხულის გააზრება?

პრობლემის სათავე ცუდი კვება და ცუდი საცხოვრებელი პირობებია. წყალი უვარგისი, საკვები უვარგისი… ბავშვები არიან გამოფიტული, რაც პირდაპირ ურტყამს მათ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შესაძლებლობებს.  მე სულ ვთხოვ მშობლებს, რომ ვიტამინები მიაშველონ ბავშვებს. ბავშვებს აქვთ დამახსოვრების პრობლემა. მაგალითად, ორი მარტივი ვითარების შედგენა, გაანალიზება უჭირთ. დაწყებით საფეხურზე მეტი შრომა აქვს ბავშვს. ზედა კლასებში კითხვა იცი და უნდა გამოიტანო აზრი, მაგრამ პატარებმა კითხვაც არ იციან. სწავლის პროცესში ყველა ორგანო აქტიურად არის ჩართული. უჭირთ, რადგან არ არის ორგანიზმი გამოკვებილი.

მხოლოდ კვებითი დეფიციტის  ბრალია ის, რომ მეოთხეკლასელ ბავშვს წაკითხულის გააზრება არ შეუძლია?

წაკითხულის გააზრებას ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს. „წაკითხულის გააზრება“ ითხოვს ტექსტიდან, წაკითხულიდან გააზრებას. ბავშვები კი, როგორც წესი, როცა პასუხის გაცემას იწყებენ, არ ითვალისწინებენ ინსტრუქციას, რომ მათ მოცემული კონკრეტული ტექსტის მონაკვეთი უნდა გაიაზრონ და აქედან გასცენ პასუხი. ისინი კი ხშირად მთელი ტექსტის ცოდნიდან გამოდიან.

მაგალითად, თუკი მოცემულ მონაკვეთში ლუარსაბი ითვლის ბუზებს, ბავშვს ეკითხებიან, რა თვისებაა ეს ლუარსაბის? – ჩამოთვლილია: „გაუმაძღრობა“, „სიბრიყვე“, „უსაქმურობა“. როგორ ფიქრობთ, რომელი პასუხი შეესაბამება აქედან კითხვას? ვთქვათ, „სიბრიყვე“. რა თქმა უნდა, ბავშვი დაუფიქრებლად გპასუხობს, რომ „გაუმაძღრობა“, რადგან  ლუარსაბს, ზოგადად, ეს თვისება ახასიათებს.

ინსტრუქციებით მუშაობა ხომ მასწავლებელმა უნდა ასწავლოს?

აუცილებლად. სწორედ ეს არის პრობლემა. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ პირობის სწორად წაკითხვა. სხვათა შორის, მათემატიკაშიც გვაქვს ასეთი პრობლემები და გრამატიკაში. როცა ბავშვს ეკითხები, რომელ წინადადებაში არ არის დაშვებული შეცდომა? ის ეძებს, სადაც არის დაშვებული შეცდომა. ეს არის ინსტრუქციების პირობის წაკითხვის ამბავი და აქ არის ჩვენი სისუსტე.

მშობლის როლზე რას ფიქრობთ, რამდენად ეხმარებიან ისინი შვილებს?

მშობლის ჩართულობა აუცილებელია. 40 წუთი არ ეყოფა დაწყებითის მოსწავლეს სამუშაოდ. ამიტომ მშობელიც უნდა იყოს ჩართული შვილის განათლების პროცესში. მაგრამ რეალობა სხვა რამეს გვაჩვენებს – ჩვენი სოციალური პირობებიდან გამომდინარე რამდენად იცლიან ისინი შვილებისთვის. მხოლოდ ერთეულები მუშაობენ შვილებთან.

როგორ ფიქრობთ, გაკვეთილის დაგეგმვას თუ აქვს ამ პრობლემასთან კავშირი? სოციალურ ქსელებში ერთი მასწავლებელი წერდა, რომ  გაკვეთილის გეგმები საბჭოთა სტანდარტებს დაემსგავსა. ერთმა პედაგოგმა კი დაწერა, რომ  ახლანდელი საგაკვეთილო გეგმა 1918 წლის გეგმებს ჰგავს. რა მოცემულობა გვაქვს ამ მიმართულებით?

მასწავლებელი აბსოლუტურად თავისუფალია გაკვეთილის გეგმაში. თუ ვიღაც შაბლონებს ავსებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ასი წლის წინანდელის მსგავსი. თანამედროვე გაკვეთილები მთლიანად სააზროვნო უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. გაკვეთილი აუცილებლად უნდა პასუხობდეს კითხვას, – „რატომ?“. მსჯელობა, დებატი, ანალიზი და სინთეზი ეს  ყველაფერი მე-5, მე-6 კლასში უნდა ისწავლოს მოსწავლემ.

თქვენ ახსენეთ შაბლონი. ხშირია შაბლონების გამოყენების შემთხვევები პედაგოგების მხრიდან?

ნახეთ რა ხდება. ვიღაცამ დაწერა გეგმა, ეს გამოვიდა კარგი და შემდეგ სხვებმა გაიზიარეს. ჩვენ გეგმების ატვირთვის დროს არ გვაქვს არანაირი მითითება რა ფორმის უნდა იყოს გეგმა. შესაბამისად, მასწავლებელი თავისუფალია არჩევანში და როგორიც უნდა, ისეთს წერს.  სავარაუდო მინიშნებები, რა თქმა უნდა არის ის, რომ უნდა იყოს დაცული თემა, ინდიკატორები, მიზანი უნდა ჩანდეს და ეს გასაგებია. თუ მასწავლებელი ასი წლის წინანდელივით გეგმავს – ადექი, მოყევი, დაჯექი, – რა თქმა უნდა, ეს იქნება პრობლემა.

ვიცით, რომ პედაგოგები საკმაოდ დიდი სიხშირით გადიან ტრენინგებს. თქვენ ტრენერი მასწავლებელიც ხართ. არასდროს დაუყენებიათ ეს პრობლემა ტრენინგებზე?

ტრენინგებზე მასწავლებლების ორი კატეგორია გვხვდება, –  ერთნი, რომლებიც თვლიან, რომ უკვე ყველაფერი ისწავლეს და იციან, მეორე – რომლებიც დიდი სიამოვნებით ითვისებენ სიახლებს.

ჩვენ, მასწავლებლები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ჩვენც გვჭირდება ცოდნის განახლება და განვითარება. ეს სტერეოტიპი, რომ რადგან გავხდი მასწავლებელი ყველაფერი ვიცი და ყველაფერი ხელმეწიფება, თუ არ მოირღვა, წინ ვერ წავდგამთ ნაბიჯს.

როგორც ვიცი, თქვენ გიწევთ თქვენი კოლეგების  გაკვეთილების შეფასება. მოგისმენიათ ისეთი გაკვეთილები, რომელიც აზროვნების განვითარებაზე, ანალიზზეა ორიენტირებული?

ჩემს სკოლაში ეს გაკვეთილები არ არის სპექტაკლი და ძალიან მიხარია. მეორე, – შეინიშნა ასეთი ტენდენცია, რომ მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან ღია გაკვეთილებში და მესამე, – მასწავლებლები კეთილსინდისიერად გეგმავენ და აკეთებ გაკვეთილს და ამან ძალიან დიდ შედეგებზე გაგვიყვანა.  დღეს დავესწარო, მაგალითად, სამოდელო გაკვეთილს, თემა იყო „უპატრონო ცხოველები“. მასწავლებელი აძლევდა მოსწავლეებს ისეთ დავალებებს, რომლებიც გამოცანებით, ლექსებით აბოლოვებდა სიტყვებს – ძაღლი, ლეკვი, უპატრონო ცხოველი და ა.შ.

შემდეგ დასვა საკითხი, თუ რა პრობლემას ქმნის უპატრონო ძაღლები საზოგადოებას და ამაზე იმსჯელეს მოსწავლეებმა. შემდეგი კითხვა იყო, რა შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს უპატრონო ძაღლებისთვის. აქ ბავშვებმა საოცრად იმსჯელეს. ინტეგრირებული გაკვეთილი მოვისმინე ქართულში, ფრაზეოლოგიური ზმნები ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენაში.

მასწავლებელმა დასვა კითხვა, – რა საჭიროა ენებში ფრთიანი გამონათქვამების (იდიომების ცოდნა) და საუბარი წავიდა უკვე მულტიკულტურულ ურთიერთობებზე და ა.შ. რა ქნას მეტი იმ ბავშვმა.

ცუდი გაკვეთილის მაგალითი შეიძლება დაგვისახელოთ?

ცუდი შეიძლება არ იყო, მაგრამ მოსწავლეების ერთ ჯგუფს მისცა დიდი რაოდენობით დავალება, რის გამოც მოსწავლეთა მოტივირება და ჩართულობა აღმოჩნდა მიღმა. აი, ეს იყო ძალიან  კარგად გასათვლელი. ერთი მეთოდი უნდა დაანაწევრო რამდენიმე აქტივობად და ასეთი რჩევა ძალიან კარგად მუშაობს.

თუ მასწავლებელი ხედავს, რომ არჩეული მეთოდი არ მუშაობს, აუცილებლად უნდა შეცვალოს. მაგრამ თუკი 25-დან 5 არ აჰყვა მეთოდს, მაგრამ ჩვენ გვეზარება მათთან მუშაობა. ეს ხუთი კი მნიშვნელოვანია, რადგან ისინიც არიან ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი მომავალი.

ამას კი სჭირდება დაჯდომა, მოფიქრება და ცალკე მუშაობა. თუ ამაზე მიუთითებ მასწავლებელს, ის მოგიბრუნდება და დაგიწყებს ხელფასზე ლაპარაკს და ესეც იქნება სამართლიანი.

საბოლოოდ, ეს დამოკიდებულება ფაქტია, რომ აზარალებს მოსწავლეებს.

მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი და სამინისტროც – ყველა თანაბრად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ერთმანეთზე გადაბრალების ნაცვლად პასუხისმგებლობის გადანაწილება უნდა შევძლოთ.

არის კიდევ ერთი პრობლემა. მასწავლებელს ევალება ერთი ან ორი სამოდელო გაკვეთილის ჩატარება და გეგმის დაწერა. მითხარით, 1-2 გეგმით რა შედეგის მიღწევა გვინდა. თუ სამოდელო გაკვეთილებით შეაფასებთ მასწავლებლის საქმიანობას, ეს არის იდეალური, მაგრამ ასეთი გაკვეთილი სამ წელიწადში ორჯერ აქვს ჩასატარებელი. დანარჩენი ორი წელი  შიდა სამზარეულოში მუშაობს. აი, აქ უნდა გავიგოთ რა ხდება, როგორც ჩანს, აქ გვიჭირს. ყოველდღიურ ურთიერთობაში და მუშაობაში გვიჭირს.

 

გადაბეჭდვის წესი