მთავარი,სიახლეები

„ჩემმა ძმისშვილმა პოლიცია დასახმარებლად გამოიძახა, მაგრამ მას სცემეს და კბილები ჩაუმტვრიეს“

10.05.2018 • 2777
„ჩემმა ძმისშვილმა პოლიცია დასახმარებლად გამოიძახა, მაგრამ მას სცემეს და კბილები ჩაუმტვრიეს“

მოქალაქე ეთერ დუმბაძე აცხადებს, რომ მის ძმისშვილს, 40 წლის კაცს, პოლიციამ ისე სცემა, რომ „არ იცნობოდა – სახე დაუსახიჩრა და კბილები ჩაუმტვრია“. ქალის თქმით, მოქალაქე ბათუმში 27 აპრილს, 23:30 საათზე დააკავეს. „ღამის ოთხ საათამდე სცემდნენ ჩემს ძმისშვილს ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში, არადა, პოლიცია თავად გამოიძახა დასახმარებლად“, – უთხრა ეთერ დუმბაძემ „ბათუმელებს“.

დაკავებულის მამიდას, ეთერ დუმბაძის თქმით, მისი ძმისშვილი 27 აპრილს პოლიციამ ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე დააკავა. „ის ჩემთან იყო. ველოსიპედით წავიდა და ქუჩაზე გადასვლისას ვიღაცას მხარი გაჰკრა. მერე ამას მოჰყვა ჩხუბი. ისინი მამა-შვილი იყვნენ და ჩემს ძმისშვილს დაუწყეს ცემა. მან პოლიცია გამოიძახა დასახმარებლად, მაგრამ პოლიციამ პირიქით, ჩემი ძმისშვილი დააკავა დაუმორჩილებლობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის. ვითომ იმ კაცის სათვალე დაიმტვრა შეხლა-შემოხლის დროს“.

მამიდა ამბობს, რომ პოლიციას დაკავებულის ახლობლებისთვის არაფერი შეუტყობინებია. „ჩემი ძმისშვილი მარტო ცხოვრობს. მამიდებმა გავზარდეთ. სახლში არავინ ჰყავს, ამიტომ მოდიოდა ჩემთან, ჭამდა და მიდიოდა თავის სახლში. ასე იყო იმ დღესაც. ჩვენ დაკავების შესახებ არაფერი ვიცოდით. პირიქით, დამსხვრეულია მისი ტელეფონი, რომელიც 1200 ლარად იყიდა განვადებით ერთი თვის წინ. ჩემმა ძმისშვილმა სასამართლოში თქვა, რომ პოლიციაში ფეხებით დაამტვრიეს ტელეფონი. მას არც ადვოკატი ჰყავდა“.

ეთერ დუმბაძე ამბობს, რომ სასამართლოში ძმისშვილის ნახვის შემდეგ ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას და საქმის მასალების გადაცემას, მაგრამ დღემდე მისი მოთხოვნა არ სრულდება. „უცდიან როდის მოუშუშდება სახეზე ღია ჭრილობები, რომ მერე ჩაატარონ ექსპერტიზა. მაგრამ ჩამტვრეულ კბილებს რას უზამენ?“

ეთერ დუმბაძის თქმით, მან ძმისშვილის საქმესთან დაკავშირებით დარეკა როგორც მთავარ პროკურატურაში, ისე გენინსპექციაში, მაგრამ ეს ორი უწყება საკითხით არ დაინტერესებულა – ის დღემდე არ გამოუკითხავთ.

ეთერ დუმბაძე აცხადებს, რომ დახმარება სახალხო დამცველსაც სთხოვა.

ქალის ინფორმაციით, დაკავებული ამ დროისთვის გადაყვანილია ქუთაისის საპყრობილეში. მისივე ინფორმაციით, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ.

ეთერ დუმბაძის თქმით, მის ძმისშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. „ის ვერ იტანს უსამართლობას და შეიძლება იმ ღამეს ამის გამოც კი ჩავარდნილიყო აფექტში“.

„ბათუმელები“ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მისი გადამოწმებისთანავე მოგვაწვდიან.

ეთერ დუმბაძე დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამ საკითხზე ბრიფინგის გამართვას აპირებს.

დაკავების შესახებ ბრიფი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: