სამეგრელოში 100 წლის ევკალიპტს ყიდიან

სამეგრელოში, სოფელ ნოჯიხევში მცხოვრები გივი შურღაია 100 წლის ევკალიპტს 25 ათას ლარად ყიდის. განცხადება ხის გაყიდვის შესახებ გივი შურღაიამ ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში გამოაქვეყნა.

„ერთი კვირაა, რაც გადავწყვიტე ევკალიპტი გამეყიდა.  არ ვიცი ვინ იყიდის, მაგრამ მინდა, რომ გავყიდო ეს ხე. ჯერ სერიოზულად არავინ გამომხმაურებია. ვვარაუდობ, რომ ასი წლის მაინც იქნება,” – უთხრა „ბათუმელებს“ გივი შურღაიამ.

საქართველოში ხეების ყიდვით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დაკავებული.  აქამდე ბიძინა ივანიშვილი ხეებს ძირითადად მხოლოდ აჭარაში თხრიდა. 2018 წლის გაზაფხულიდან კი ხეების ყიდვა და შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადატანა სამეგრელოდანაც დაიწყო. აპრილში ივანიშვილის კომპანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდინეძში ჭადრის ხე იყიდა. ხის ტრანსპორტირების დროს სამ სოფელში ელექტროენერგიის ბოძები დაზიანდა.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ხეების ამოთხრა და დენდროლოგიურ პარკში გადატანა დაიწყო, ხეების გაყიდვა შემოსავლიან ბიზნესად იქცა. ხეების გაყიდვაში დახმარების თხოვნით მოქალაქეები „ბათუმელებსაც“ უკავშირდებიან. „თქვენ ხშირად წერთ ხეებზე და იქნებ დაგვეხმაროთ გაყიდვაში“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი