კონკურსი – 2018 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო

გამოცხადდა „პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, სადაც გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული:

  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი;
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი;
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.

გამარჯვებულები პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.

„გამარჯვებულები გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლო ტურზე, სადაც მათი მასპინძელი იქნება გერმანული კომპანია PEM Consult-ი. გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში. ღონისძიებას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და წელს საქართველოში მეორედ ტარდება,“ – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

„ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ინფორმაციით, კონკურსით დაინტერესებულმა პირები განაცხადები უნდა წარადგინონ ელექტრონულად ვებგვერდზე – awardtvet.ge. ამავე გვერდზე კონკურსანტებს შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია კონკურსის კრიტერიუმების შესახებ.

ფონდის ინფორმაციით, ვებგვერდზე ატვირთულია სპეციალური ფორმა, სადაც თითოეული კრიტერიუმის ქვეშ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი.

„სასწავლებლის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლია ავტორიზებულ როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიულ სასწავლებლებლებს, ბიზნესპარტნიორის შემთხვევაში, ნებისმიერ ბიზნესს, ვინც მიიჩნევს, რომ ხელს უწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და თანამშრომლობს სასწავლებლებთან, ხოლო მასწავლებლისა და სტუდენტის შემთხვევაში, ნომინირება უნდა გააკეთოს სასწავლებელმა, სადაც აღნიშნული კანდიდატები მუშაობენ ან სწავლობენ“.

კანდიდატთა რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის, ერთ სასწავლებელს რამდენიმე კანდიდატის წარდგენა შეუძლია.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2 ივლისია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com