ომბუდსმენი მოსმენებზე: სუს-ის უფროსს გავლენა აქვს იმ სააგენტოს უფროსზე, რომელიც გვისმენს

„ფარული მოსმენების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 10 მაისს, არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლო დარბაზში სუს-ის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები ელიან, როდის მოვა მათი დრო და რას ჰკითხავენ მოსამართლეები მათ.

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ის ორგანოა, რომელიც ფარულად გვისმენს და მისი კონტროლის ბერკეტები სუს-ს აქვს.

“დღეს სუს-ის უფროსი წყვეტს მისთვის სასურველი სააგენტოს უფროსის ვინაობას. სუს-ის უფროსს პირდაპირი გავლენა აქვს ამ სააგენტოს არამხოლოდ უფროსთან, არამედ მის ნებისმიერ თანამშრომელთან,” – მიმართა მოსამართლეებს შესავალ სიტყვაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ფარული მოსმენების კუთხით არსებულ საკანონმდებლო ნორმას სახალხო დამცველი და 326 ადამიანი ასაჩივრებს. დავის საგანია კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, რომლითაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ფარულ მეთვალყურეობას ახდენს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე, რომელიც ფარულად გვისმენს, არ ხორციელდება ეფექტური გარე კონტროლი, „რის გამოც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების თვითნებურად განხორციელების რეალური საფრთხე. მოსარჩელეთა პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.

მოსარჩელეების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, რომელიც ფარულად გვისმენს, არ აქვს დამოუკიდებლობის მყარი და ეფექტური გარანტიები. სააგენტო დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტია, თუმცა, მაგალითად, სააგენტოს უფროსი “საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის” სუს-ის უფროსს შეუძლია გაათავისუფლოს სამსახურიდან.

 

მოსარჩელეების წარმომადგენლების შემდეგ შესავალ სიტყვას პარლამენტის წარმომადგენელი იტყვის. დღესვე სასამართლო პროცესზე ამ თემაზე მოწვეულ პირებს კითხვებს დაუსვამენ.

 

ამ თემაზე:

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი