სიახლეები

ტურიზმის დეპარტამენტი ჩაისუბანში ფრინველების გადაფრენის პლატფორმას გაარემონტებს

10.05.2018 • 1879
ტურიზმის დეპარტამენტი ჩაისუბანში ფრინველების გადაფრენის პლატფორმას გაარემონტებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, შუამთაზე მდებარე ფრინველების გადაფრენის პლატფორმის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 15 700 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოები ითვალისწინებს არსებული ხის მოსაცდელი ფარდულის შეკეთება-გამაგრებას და დადგმას ბეტონის საძირკველზე, ლითონის მოაჯირებისა და მეხამრიდის ღობის მოწყობას, შეღებვას და სხვა. მომსახურების გაწევა ანუ სარემონტო სამუშაოების დაწყება უნდა მოხდეს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი არანაკლებ ერთი წელი უნდა იყოს.

ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასული წლის სექტემბერში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.

მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის სათვალთვალო პლატფორმები კოლხეთის ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და სახალვაშო-ჩაისუბნის ტერიტორიებზეა მოწყობილი.

შარშან, სოფელ  ჩაისუბნის სათვალთვალო პლატფორმაზე გაცნობითი ტური მოეწყო ფესტივალის მოწვეული სტუმრებისათვის. ღონისძიებას 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გარემოსდამცველები, ორნითოლოგები, გიდები, ტურისტები და მოხალისეები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/95907/

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წელს 19 აგვისტოს დაიწყო და იგი მიმდინარე წლის პირველ მარტამდე გაგრძელდა. გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ამ პერიოდში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებს, თუმცა ნადირობა აკრძალულია ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებსა და ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის მდინარე ჭოროხის დელტაში:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/92500/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: