სიახლეები

რამდენი იახტაა ბათუმში და რა ღირს მათი შეძენა-მოვლა საქართველოში

15.05.2018 • 8043
რამდენი იახტაა ბათუმში და რა ღირს მათი შეძენა-მოვლა საქართველოში

ბათუმის იახტკლუბში იახტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. დღეის მდგომარეობით ნავსადგურში მცურავი საშუალების (იახტა, მცირე ზომის კატერი, მცირე ზომის გემი) რეგისტრაციის შესახებ 53 ხელშეკრულებაა გაფორმებული. “ბათუმელები” დაინტერესდა, რა ჯდება იახტის შეძენა, შენახვა და მოვლა ბათუმში.

ბათუმში მცხოვრები დავით კრეპიანი ორ მცურავ საშუალებას ფლობს – 10 წლის კატამარანს და 30 წლის პატარა იალქნიან იახტას. ასაკს გემისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ მის ასაკზეა დამოკიდებული ფასი.

„ეს კატამარანი ამერიკიდან ჩამოვიტანე. ამერიკაში 10 ათასი დოლარი ღირდა. ტრანსპორტირება 4 ათასი დამიჯდა, მერე რემონტი დასჭირდა. ჯამში სადღაც 20 ათასი დოლარი დაჯდა მისი ფორმაში მოყვანა და ზღვაში ჩაშვება. იალქნიანი ნავი კი პოლონეთში ვიყიდე. 30 წლისაა. დაახლოებით 15 ათასი დოლარი დაჯდა აქ ჩამოტანა. ახალი 30 ათასი ევრო ღირს,“ – ამბობს დავითი.

იახტის შეძენით ამბავი მხოლოდ იწყება. როდესაც საქართველოში ჩამოგაქვს, საჭიროა მისი რეგისტრაცია.

იახტებისა და კატარღების რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 1 და 5 წლის მოქმედების ვადით მფლობელის სურვილისამებრ. სარეგისტრაციო ღირებულება კი 80 ლარია. სანაპირო ნაოსნობის ყოველწლიური მოსაკრებელი 330 აშშ  დოლარია. გარდა ამისა, იახტის მეპატრონეები იხდიან ნავსადგურში, ნავმისადგომზე დგომის ფასს.

ნავსადგურში დგომის საფასური სეზონის მიხედვით განსხვავებულია და A -B სეზონად არის დაყოფილი. A სეზონი მოიცავს პერიოდს ნებისმიერ კალენდარულ წელში 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით; მცურავი საშუალების მიერ დაკავებულ ყოველ ერთ მეტრზე ნავსაყუდელში დგომის საფასური „A“ სეზონზე არის დღე-ღამეში 2 ლარი.

B  სეზონი მოიცავს პერიოდს ნებისმიერ კალენდარულ წელში 16 სექტემბრიდან 14 ივნისის ჩათვლით. მცურავი საშუალების მიერ დაკავებულ ყოველ ერთ მეტრზე ნავსაყუდელში დგომის საფასური „B“ სეზონზე შეადგენს დღე-ღამეში 1 ლარს.

დავით კრეპიანს 10 მეტრი აქვს ნაქირავები ნავმისადგომზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დგომაში, სეზონზე დღეში 20 ლარს იხდის, იმის მიუხედავად ჰყავს თუ არა კლიენტი და ახერხებს თუ ვერა ზღვაში გასვლას. შესაბამისად, არატურისტულ სეზონზე დღეში იხდის 10 ლარს. დადგენილი ტარიფის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნაპირთან დგომისთვის დავით კრეპიანი წელიწადში დაახლოებით 4550 ლარს იხდის.

ბათუმის სანაპირო ზოლში რამდენიმე იახტა და კატამარანია, რომლებიც ახალ პატრონს ელოდებიან. მათ შორის ყველაზე იაფი 7 ათასი დოლარი ღირს. ყველაზე ძვირი იახტა კი ორსართულიანია. მეპატრონე მას 120 ათას დოლარად ყიდის. მყიდველი არც ერთს გამოსჩენია და არც მეორეს.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული იახტა ბათუმის იახტკლუბში – ვკითხეთ სხვადასხვა იახტაზე მომუშავე მეზღვაურებს. მათი თქმით, ყველაზე ძვირადღირებული იახტა „არგოა“, რომელიც დაახლოებით 200 ათასი დოლარი ღირს.

 

გადაბეჭდვის წესი