მცირე ბიზნესის კრედიტების დაბრუნების გარანტორი მთავრობა იქნება – რეფორმა

მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალ რეფორმაზე მუშაობენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიქმნება ერთგვარი ფონდი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების უკან დაბრუნების გარანტორი იქნება. ამ კუთხით მთავრობა აპირებს გაითვალისწინოს მეზობელი თურქეთის მაგალითი.

„ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ – განაცხადა გუშინ, 9 მაისს, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

9 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თურქეთის დელეგაციასთან. სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმები თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდაზე.

„საკრედიტო საგარანტიო ფონდების პოპულარობა, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა, რადგან ამ გზით  მნიშვნელოვნად მარტივდება ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რაც ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს“ – აცხადებენ სამინისტროში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com