მთავარი,სიახლეები

„ტოჩინოშინი ქართველი სუმოისტია, ამიტომ ჩამოვედით“ – იაპონელი წყვილი ბათუმში

09.05.2018 • 6067
„ტოჩინოშინი ქართველი სუმოისტია, ამიტომ ჩამოვედით“ – იაპონელი წყვილი ბათუმში

მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მოგზაური შეყვარებულები არიან. მიკას ფეისბუქგვერდზეც ასე უწერია პროფესიის გრაფაში – „მოგზაური“.

იაპონელი წყვილი ბათუმში სულ ოთხი დღით ჩამოვიდა. ორივენი სუმოს დიდი მოყვარულები არიან და ტოჩინოშინის, იგივე ლევან გორგაძეს გულშემატკივრობენ. საქართველოში მოგზაურობაც ტოშინოჩინის გამო გადაწყვიტეს, იციან, რომ იაპონიაში ცნობილი სუმოისტი საქართველოდანაა და აინტერესებდათ, როგორი ქვეყნიდან იყო მათი საყვარელი სპორტსმენი. მართალია, საქართველოში სუმოს დიდი გულშემატკივრები ვერ იპოვეს, თუმცა ამბობენ, რომ თუნდაც აქაური სამზარეულოს აღმოსაჩენად ღირდა ჩამოსვლა. მიკა ტოკიოდანაა, ტაკაშიმა – იოკოჰამადან.

მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა

მიკა: „სუმოს გულშემატკივრები ვართ. ტოჩინოშინი (იგივე ლევან გორგაძე) ჩვენი ფავორიტი სუმოისტია. საქართველო მისი სამშობლოა და ამიტომ დავინტერესდით აქაურობით. გვეგონა აქ სუმოთი ბევრი ადამიანი იქნებოდა დაინტერესებული, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, არადა, იმპერატორის თასის მფლობელი ტოჩინოშინი საქართველოდანაა! სუმოში ეს ძალიან მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება“.

მიკამ და ტაკაშიმამ ერთმანეთი ტაილანდში გაიცნეს. მიკა ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, კენტარუ ამავე სასტუმროში მეგობართან ერთად იყო ჩამოსული. სულ ორი კვირა იცნობდნენ ერთმანეთს. მერე მიკა კამბოჯაში წავიდა სამუშაოდ, ტაკაშიმამ სამი თვე იმოგზაურა ტაილანდში და მიკას კამბოჯაში ჩააკითხა, მას მერე ერთად მოგზაურობენ. ორი წელია ერთ ადგილზე ექვს თვეზე მეტხანს არ გაჩერებულან.

ყველაზე დიდხანს ინდოეთში დარჩნენ, თუმცა როგორც მიკა ამბობს, ენობრივი ბარიერის გამო იქ ყოფნა რთული იყო,  მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც.

მიკა ინუ: „ერთ ქართულ რესტორანში მენიუ მხოლოდ ქართულ ენაზე იყო და ვერაფერი გავიგეთ. ასე იყო ინდოეთშიც. ექვსი თვე გავატარეთ იქ. მხოლოდ ადგილობრივ დიალექტზე მეტყველებდნენ და ძირითადად ჟესტებით ვაგებინებდით ერთმანეთს. კამბოჯაშიც სამი თვე გავატარე და იშვიათად იპოვიდი ვინმეს ინგლისური რომ იცოდა, ენობრივი ბარიერი დიდი პრობლემაა მოგზაურობისას, მაგრამ დაძლევ“.

მიკა ინუ ახალ ზელანდიაში

ტაკაშიმა ამბობს, რომ ქვეყნებს შორის, სადაც იმოგზაურეს, ყველაზე ძალიან ტაილანდი მოეწონა, ორი მიზეზის გამო: კერძები აქვთ უგემრიელესი და იაპონურ ფასებთან შედარებით ძალიან იაფიც, თან აქ ბევრი ადგილია, სადაც ინსტრუმენტზე დაუკრავს. ტაკაშიმას დასარტყამ ინსტრუმენტს Gank Drum-ი ჰქვია. როგორც წყვილი გვეუბნება ეს ინსტრუმენტი ერთმა იაპონელმა გამოიგონა ორი წლის წინ და ძალიან ცოტამ იცის მის შესახებ. ტაკაშიმა მოგზაურობისას Gank Drum – ზე უკრავს შესაფერის ადგილებში და ასე უწევს ახალ ინსტრუმენტს პოპულარიზაციას.

Gank Drum – ს მედიტაციური დანიშნულება აქვს და ინსტრუმენტზე დასაკრავად წყვილი ყველგან მშვიდ ადგილს ეძებს, რაც არც ისე მარტივია. ბათუმში მათ შესაფერისი ადგილი ვერსად იპოვეს და ქალაქის დატოვებას მალევე აპირებენ. აქ სულ სამი დღით რჩებიან და მერე თბილისის დათვალიერებას გეგმავენ. ტაკაშიმა ფიქრობს, რომ ბათუმი ძალიან გადატვირთული ქალაქია დიდი მანქანებით და ეს ძალიან არაკომფორტულია პატარა ქალაქისთვის.

Gank Drum – ზე დასაკრავად, როგორც ვთქვით, მშვიდი ადგილი და პარალონის გასაშლელი სივრცეა საჭირო, რაც მალევე ვიპოვეთ „ბათუმელების“ ოფისში. სამზარეულოს იატაკზე მოკალათებულმა ტაკაშიმამ პირველად მოგვასმენინა Gank Drum-ის სასიამოვნო ხმა.

ტაკაშიმა: „ვწერ, ვმოგზაურობ და ვუკრავ. ვწერ ყველაფერზე, რაც მოგზაურობისას ახდენს ჩემზე შთაბეჭდილებას. ფულს დაკვრით გამოვიმუშავებ. რასაც ვწერ, ქინდლის ვებგვერდზე ვაქვეყნებ.  სამკაულებსაც ვამზადებ და გზადაგზა ვყიდით“.

მიკა ინუ: „მოგზაურობა მაძლევს იმას, რასაც ცხოვრების ყველაზე დიდ ფასეულობად ვთვლი – ახალ, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობების შესაძლებლობას. სულ რაღაც ოთხი დღით ვართ ბათუმში და აი, შევხვდით, ვსაუბრობთ. ეს მომწონს. როცა ქუჩაში ვუკრავთ, ბევრი ადამიანი მოდის, გვესაუბრება, ვცვლით ამბებს. ჩემთვის თავისუფლება ურთიერთობაა. როცა ყველანაირ ადამიანს შეგიძლია ეკონტაქტო, მთავარი სიამოვნება და მოგზაურობის მიზეზი ჩემთვის ეს არის“.

მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მეგობრებთან ერთად

 

მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მეგობრებთან ერთად

ტაკაშიმა: „ჩემთვის ყველაზე მთავარი რამ დროა, რაც იმისთვის მჭირდება, რომ გამოცდილება დავაგროვო და არა ფული რაღაცების საყიდლად. გამოცდილებაა, მაგალითად ის, რომ დამილევია ქართული, შავი ღვინო და გამისინჯავს ხინკალი, გამოცდილებაა ისიც, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გავიგონო სიტყვა „მადლობა“ და „გამარჯობა“, მივხვდები, რომ ეს ქართულია. გამოცდილებაა ის, რომ აქ შემთხვევით აღმოვჩნდი, ვუკრავ და შენ ეს მოგწონს.

იაპონიაში ადამიანების ძირითადი საფიქრალი ფულის გამომუშავებაა. უმრავლესობა გადაჩვეული ფიქრს. მართალია, იაპონური რობოტების აღზევების დასაწყისში ვცხოვრობთ, მაგრამ ვისურვებდი ადამიანები მეტად მგრძნობიარეები იყვნენ და ერთმანეთზეც იფიქრონ, მანქანებზე, სახლებზე და ყოველდღიურ საჭიროებებზე მეტად. თუმცა უნდა ითქვას, რომ იაპონური ტექნოლოგიები მსოფლიოში საუკეთესოა. იაპონურ რობოტებს შეუძლიათ კორპორაციების მუშები თავისუფლად ჩაანაცვლონ. ეს უკვე შესაძლებელია, თუმცა ამას მოჰყვება უამრავი ადამიანის უმუშევრობა, გონების გამოთავისუფლება რუტინული შრომისგან, რისიც მთელ მსოფლიოს ეშინია. რობოტებით მექანიკური სამუშაოების ჩანაცვლება ორ ურთიერთსაპირისპირო რამეს  გამოიწვევს: პირველი რეაქცია იქნება პანიკა და შიში, უმოქმედობისა და უსარგებლობის შეგრძნება მსოფლიოში, თუმცა მეორე მხრივ, უაზრო შრომას შეცვლიან მანქანები და ადამიანის გონება განვითარების სხვა საფეხურზე გადავა“.

კენტარუ ტაკაშიმა

წყვილი საქართველოდან გერმანიაში აპირებს გამგზავრებას, შემდეგ ამსტერდამში, ტაილანდში და ბოლოს იაპონიაში, სადაც მხოლოდ სამ თვეს დარჩებიან, მერე კი მოგზაურობას გააგრძელებენ.

ტაკაშიმას და მიკას ტელეფონი მხოლოდ ინტერნეტისთვის აქვთ. არ აქვთ ნომერი, რომელზეც მათთან დაკავშირება იქნებოდა შესაძლებელი. თან მხოლოდ ფოტოაპარატს, საძილე ტომრებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და კარავს ატარებენ. როცა ვეკითხები, რამდენ ხანს გეგმავენ მოგზაურობას, ეღიმებათ და მპასუხობენ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მოგზაურობისთვის ემეტებათ.

იაპონელი ტურისტები ბათუმში ხანგრძლივად იშვიათად ჩერდებიან. რა დარჩება ქალაქს მიკას და ტაკაშიმას რამდენიმედღიანი სტუმრობის შემდეგ? ალბათ ეს პატარა ფურცელი, რომელზეც იაპონურად წერია „ბათუმი”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: