არის თუ არა დანაშაული, როცა მოქალაქე სხვა პირს ფარულად იწერს – იურისტის განმარტება

„აქით ხომ არ მომედავება პროკურატურა, თუკი მას ფარულ ჩანაწერს მივაწოდებ?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც პროკურატურისთვის სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აპირებს. მოქალაქე ამბობს, რომ მან ტელეფონის ხმის ჩამწერი პროგრამის გამოყენებით ჩაიწერა საუბარი, რაც სავარაუდო თაღლითობის შემთხვევას აღწერს.

ფარულად საუბრის ჩაწერა დანაშაულია. დანაშაულია ამ საუბრის გამოქვეყნებაც, თუმცა არსებობს გამონაკლისი – თუკი თქვენ დანაშაულის მხილებას ცდილობთ, ჩანაწერის გაკეთება დასაშვებია – განმარტავენ იურისტები.

იურისტი, საია-ს აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ ფარული ჩანაწერის გაკეთება დასაშვებია, თუ ეს თავდაცვის ეფექტური საშუალებაა, ხოლო ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების კანონიერებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

„თუ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზიანი შეიძლება მიადგეს პირს და მისთვის თვითდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება ფარული ჩანაწერის გაკეთებაა, მაშინ მას ამის უფლება აქვს. ამ გზით მოპოვებული მტკიცებულება აუცილებლად უნდა მიეწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს. რაც შეეხება მესამე პირთა მიერ ფარული ჩანაწერის განხორცილებას დანაშაულში მონაწილე პირთა მხილების მიზნით, თითოეული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და ნებისმიერი ამ ფორმით მოპოვებული მტკიცებულების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ შინაარსობრივად,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ფარული ჩანაწერის გაკეთება ფარული საგამოძიებო მოქმედებაა და ამის უფლება კანონით მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. თუკი საგამოძიებო ორგანო ვინმესთვის ფარულად მიყურადებას აპირებს, სასამართლოს ნებართვა უნდა მოიპოვოს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, პროკურორის დადგენილება უნდა გამოიცეს. ამ შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება სასამართლომ უნდა დაადასტუროს.

დღემდე კამპანია „ეს შენ გეხება“ ფარული მოსმენების კუთხით არსებულ კანონმდებლობას აპროტესტებს. კამპანიას მიაჩნია, რომ სუს-ს ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერი მოქალაქისთვის მოსმენა და ამას არაფერი აფერხებს. ამ კუთხით არსებული სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო უკვე განიხილავს.

გიორგი ხიმშიაშვილი, იურისტი: „საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მინიჭებული აქვთ საგამოძიებო ორგანოებს. ამ უფლების კერძო პირების მიერ განხორცილებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გაუმართლებელი ხელყოფა და მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება, მაგრამ ცალსახა აკრძალვა იმაზე, რომ კერძო პირებმა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჩაიწერონ და არ მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოებს, ვერ იქნება მართებული. საზოგადოება ვალდებული და უფლებამოსილია, დანაშაულის  შესახებ ინფორმაცია სამართალლდამცავ ორგანოებს მიაწოდოს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი