მთავარი,სიახლეები

„უკვდავი პოლკის“ ტრანსპარანტები ყვავილებით აჭარის მთავრობასაც შეამკობინეს – 9 მაისი ბათუმში

09.05.2018 • 2940
„უკვდავი პოლკის“ ტრანსპარანტები ყვავილებით აჭარის მთავრობასაც შეამკობინეს – 9 მაისი ბათუმში

ფაშიზმზე გამარჯვების დღედ მიჩნეული 9 მაისის აღნიშვნა ბათუმში ხმაურით დაიწყო. დილით ევროპის მოედანზე ე.წ. უკვდავი პოლკის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, გეორგიევსკის ლენტებით გულზე და საბჭოთა სიმბოლიკებით. მათ მსვლელობა ცენტრალური პარკისკენ მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით დაიწყეს. მსვლელობის დასაწყისშივე მარშის მონაწილეებს ენმ-ის წევრები დაუპირისპირდნენ და საბჭოთა სიმბოლიკის მოშორება მოითხოვეს.

9 მაისი ბათუმში

დღეს, 9 მაისს უკვდავი პოლკის წარმომადგენლებმა ბათუმში აბაშიძის გამზირზე, გეორგიევსკის ლენტებითა და საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურებით მსვლელობა გამართეს. მარშის დროს მონაწილეებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ენმ-ის წარმომადგენლები საბჭოთა სიმბოლიკის ტარებას აპროტესტებდნენ.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on 2018 წლის 9 მაისი, ოთხშაბათი

ცენტრალური პარკიდან მარშის მონაწილეებმა გმირთა ხეივანში გადაინაცვლეს, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე  ვეტერანები იყვნენ შეკრებილნი. ხეივანში აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას დაანონსებული ჰქონდა მისვლა და ვეტერანებისთვის ფაშიზმზე გამარჯვების მილოცვა. სამთავრობო დელეგაცია გმირთა ხეივანში დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიდა.

მარშის მონაწილეები მთავრობის წევრების მისვლას გმირთა ხეივანში ელოდნენ. ომის ვეტერანებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ისინი გეორგიევსკის ლენტებითა და უკვდავი პოლკის მიერ დამზადებული პლაკატებით დახვდნენ. უკვდავი პოლკის ტრანსპარანტები ეწყო ჟიული შარტავას მემორიალზეც, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.

ჟურნალისტებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გეორგიევსკის ლენტებთან დაკავშირებით სთხოვეს განმარტების გაკეთება.

“ჩვენ ვემიჯნებით. საქართველოში არსებობს შესაბამისი კანონი და შესაბამისი ორგანოები მიხედავენ. ჩვენ, პირველ რიგში, შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ ისტორიას, პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირა ფაშიზმთან ბრძოლას. მოხუც ადამიანებს იმპერატიულად ვერაფერს ვუბრძანებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ჩვენ ვემიჯნებით,” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავას მემორიალთან. მთავრობის წარმომადგენლებს უკვდავმა პოლკმა ომში დაღუპულთა ფოტოებით გაკეთებული ტრანსპარენტები დაახვედრა

რატომ არის მიუღებელი გეორგიევსკის ლენტი

გეორგიევსკის ორფერიანი ლენტის სიმბოლო რუსეთში ეკატერინე მეორიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ლენტს მეზღვაურები ატარებდნენ. 2005 წლიდან “რია ნოვოსტის” ინიციატივით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქცია, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გეორგიევსკის ლენტის გავრცელებას ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მსგავსი ლენტები საქართველოშიც გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და მას ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს, რადგან მისი მხარდამჭერი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს. “უკვდავი პოლკის” აქცია პირველად  2012 წელს იყო ინიცირებული რუსი ჟურნალისტების მიერ. ოფიციალური ინფორმაციით, ეს არაკომერციული და არაპოლიტიკური მოძრაობაა. თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: