მთავარი,სიახლეები

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი: ევროპა იხსნის საქართველოს

09.05.2018 • 10852
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი: ევროპა იხსნის საქართველოს

„რასაკვირველია, ევროპაშია საქართველოს მომავალი,“ – ამბობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო ტაბაღუა. მას ბათუმში, გმირთა მოედანზე ვესაუბრეთ, სადაც დღეს ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს. ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის წლები. მოედანზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გეორგიევსკის ლენტებიც ეკეთათ და რუსეთის მიმართ ნოსტალგიას ღიად გამოხატავდნენ. ომის ვეტერანს, სერგო ტაბაღუას, „ბათუმელები“ ესაუბრა არა წარსულზე, არამედ მომავალზე. მას ვკითხეთ, თუ სად ხედავს ის საქართველოს მომავალს.

„ევროპა იხსნის საქართველოს. მსოფლიოს მონაპოვარი არის ევროპა. ეს ასეა. მართალია, ცივილიზაცია იწყება აღმოსავლეთიდან, მაგრამ ევროპამ იმდენი რამე გააკეთა, რომ მსოფლიო იხსნა. ნატოში გაწევრიანებაც აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, მასთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ… რუსეთი წინააღმდეგია, რომ ჩვენ ნატოს წევრი გავხდეთ, მაგრამ მალე მოვა დრო და რუსეთიც იმავე გზას დაადგება, რასაც ჩვენ ვადგავართ ახლა. მსოფლიო აიძულებს ამას.

პირველ რიგში, ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან. ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება შეგვიძლია, რომ ეკონომიკა გვაქვს და ეს არ უნდა დაუმორჩილოთ სხვის ბიუჯეტს,“ – გვითხრა ომის ვეტერანმა, სერგო ტაბაღუამ.

„მომავალი არის რუსეთში, რადგან ის ჩვენთან ახლოსაა, ევროპა – შორს,“ – ეს ომის სხვა ვეტერანებმა გვითხრეს. სერგო ტაბაღუა მიიჩნევს, რომ ასეთი ხედვა სწორი არ არის.

სერგო ტაბაღუა: „არ არის ეს სწორი. დღეს უკვე შორს და ახლოს ეს საკითხი მსოფლიოს აღარ ადარდებს, განვითარების იმ დონეზე ვართ ახლა. ჩემი შვილიშვილი, მაგალითად, ბულგარეთში მუშაობს, მენეჯერია იქ საუკეთესო სასტუმროში. მირეკავს იქედან ხშირად, ბაბუა, ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზე იქნება და ჩვენც ისე ვიქნებით, როგორც ახლა ევროპელები არიანო.

მე მჯერა, რომ ჩვენ გავხდებით ევროპის ნაწილი. მე ევროპაში, ბერლინში დავამთავრე ომი. რა იყო საქართველო მაშინ და რა არის დღეს. საქართველო დღეს არის წინ წასული. მე მიხარია, რომ ვიომე სევასტოპოლში, კიევში, პოტსდამში, პოლონეთში, ბერლინში და ამ ომებმა გამოიღო შედეგი. ესე იგი, უშედეგოდ არ მიბრძოლია. მე ვამაყობ, რომ საქართველო ამ სიმაღლეზე ავიდა. გილოცავთ 9 მაისს“.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 24 ვეტერანიღა ცხოვრობს.

დღევანდელ საცხრამაისო ღონისძიებაზე „საქართველოს უკვდავი პოლკის“ გამოჩენამ ომის ვეტერანები ჩრდილში მოაქცია და აქცენტი საბჭოთა სიმბოლიკაზე გადავიდა.

მთავარ ფოტოზე: სერგო ტაბაღუა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. მანანა ქველიაშვილის ფოტო.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: