კვადრატული მეტრი 110 ლარად – ქობულეთის მერია ზღვასთან ტერიტორიების გასხვისებას გეგმავს

შპს „ჰავანა“ ქობულეთის მერიისგან აღმაშენებლის გამზირის #279/285-ის მიმდებარედ 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს მასზე მსუბუქი შენობა-ნაგებობის განთავსებისა და ტურისტულ გასართობი კომპლექსის მოწყობის მიზნით ითხოვს. როგორც ქობულეთის მერისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, კომპანია ამ ადგილზე კლუბის, კაფეს, რესტორნის, საბილიარდოს, ღია აუზის, სატრენაჟორო დარბაზისა და ბავშვთა გასართობი კუთხის მოწყობას გეგმავს.

კომპანია ამ ნაკვეთის გასწვრივ, იჯარის წესით, ითხოვს ასევე პლაჟის ნაწილს – შეზლონგების განთავსებისა და საშხაპეების მოსაწყობად.

შპს „ჰავანას“ წარმომადგენლები ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს სთხოვენ, შუამდგომლობა გაუწიოს კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზემოთ ჩამოთვლილი ქონება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ოცი წლის ვადით რომ გადასცეს იჯარით.

მირიან ქათამაძისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, კომპანიის წარმომადგენელი პირობას დებს, რომ ტერიტორიაზე ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე პროფილს ოცი წლის ვადით შეუნარჩუნებს და ადგილობრივებს დაასაქმებს.

მირიან ქათამაძის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით კი, მერია საკრებულოს ქონების გადაცემას ორი წლის ვადით ითხოვს, იჯარის წესით გასასხვისებლად. მიმართვაში ასევე ნათქვამია დაინტერესებული პირის – შპს „ჰავანას“ შესახებ.

ამავე წერილის მიხედვით, მერია ქონების გასხვისებას არა პირდაპირი წესით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ ელექტრონულად, პირობიანი აუქციონით აპირებს. ასევე მიწის იჯარით გაცემას აპირებს არა ოცი, არამედ ორი წლის ვადით. ერთ-ერთი პირობა იქნება პლაჟზე მსუბუქი, ასაწყობი კონსტრუქციის განთავსება, სადაც კაფეს გახსნიან.

მერის ინფორმაციით, ნაკვეთის საპრივატიზებო ღირებულება აუდიტმა განსაზღვრა – კვადრატული მეტრი 110 ლარად. მერიამ მიწის ნაკვეთის საწყისი, საპრივატიზებო საფასური – 40 500 ლარი ამის მიხედვით გამოთვალა.

მერიამ საკრებულოს სთხოვა ასევე განსაზღვროს პლაჟის სახით რეგისტრირებული ნაკვეთის, ერთი კვადრატული მეტრის ფასი, რომ უახლეს მომავალში გამოთვალოს საწყისი საიჯარო ფასი და გამოაცხადოს აუქციონი, ზემოთ მითითებული ტერიტორიის გასწვრივ პლაჟის იჯარის წესით გასასხვისებლად.

მერის მიმართვას ქობულეთის საკრებულო 10 მაისის სხდომაზე განიხილავს.

შპს „ჰავანა“ 2012 წელს დაურეგისტრირებიათ საჯარო რეესტრში. კომპანიის ასივე პროცენტს პაატა რეხვიაშვილი ფლობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი