მთავარი,სიახლეები

ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

08.05.2018 • 11970
ცაში გამოკიდებული სოფლის ამბავი

თუ ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ჩახვედით და ფიქრობთ საით გასწიოთ, აუცილებლად გეტყვიან ადგილობრივები, რომ, პირველ რიგში, სოფელი თაგო უნდა ნახოთ. თაგოს გამორჩეულობის მიზეზი მარტივია: სოფელი ცენტრისგან მოშორებულ მთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება.

გზა სულ რვაწუთიანია. თუ მარტო გსურთ საბაგიროთი გადაადგილება და 280 მეტრის სიმაღლიდან ხედებით ტკბობა, გადასვლა-გადმოსვლაში 5 ლარი უნდა გადაიხადოთ. შეგიძლიათ მგზავრების შეგროვებას დაელოდოთ, რომ 20 თეთრად იმგზავროთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. საბაგირო დღეში 10-15-ჯერ გადადის სოფლამდე.

სოფელი ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზით იწყება. გზადაგზა იელი ყვავის. დღისით შეიძლება მშვენიერი ამინდი დაგხვდეთ, მაგრამ მთის დაუწერელი კანონების მიხედვით, საწვიმარი და ბოტები აუცილებლად უნდა გქონდეთ ზურგჩანთაში. უღრუბლო, კრიალა ცა შეიძლება წამში მოიქუფროს და თავსხმაში აღმოჩნდეთ.

თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს და ადგილობრივების თქმით, საბაგირო გადასასვლელი რომ არა, აქ 20 კომლიც არ დარჩებოდა. ხულოდან თაგომდე დამაკავშირებელი საბაგირო გზა 1985 წელს გაიხსნა. ხულოს ცენტრიდან თაგომდე დაზიანებული სამანქანო გზაც მიდის, თუმცა ამ გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ. მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აქ შეუძლებელია.

პირველი, რაც თაგოში თვალში გხვდებათ, ხის ძველი სახლები და ნაკლები ბეტონია. მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ორღობეებიც სულ ხისაა და გგონია, დრო უკან დაბრუნდა, ასი წლით უკან აღმოჩნდი.

„ბათუმს ვიყავ, რაღაცები უნდა მეყიდა, ჩამოველით შუა გზაში და ბაგირი გეითიშა, დავრჩით დილამდის. იანვარი იყო, ქარბუქი, შვიდ საათზე გეითიშა და დილამდის ვიყავით კაბინაში. ჩემი გოგო, მე გამცილებელი და ორიც მეზობელი ვიყავით. რომ შეგვცივდა, ჩავყარე ყველაფერი, რაც ბათუმში მქონდა ნაყიდი: კანფეტები, ტანსაცმელი და წოუკიდეთ ცეცხლი, გვციოდა, რა გვექნა. თლათ დავკვამლიანდით, ყველა დამურვილები ვიყავით. ტირილის სულზე ვიყავ. დილის შვიდამდე ვიყავით შით. არც ტელეფონი იყო, არაფერი. დრუჟოკი გადმეეტანათ საავადმყოფოდან, ჩართეს და გაგვიყვანეს. შიში დამრჩა, წასლა არსათ არ მინდა. ახლა ყველაი მიდის-მოდის, არაფრის ეშინიათ”, – იხსენებს თაგოს მცხოვრები, თინა ბოლქვაძე 90-იან წლებს, როცა შუქი ხშირად ითიშებოდა და საბაგიროც ხშირად ჩერდებოდა.

ახლა საბაგირო უსაფრთხოა და შუქის გათიშვას მგზავრი ვერ გრძნობს, ავტომატურად ირთვება ელექტროგენერატორი. თინა ბოლქვაძის შვილიშვილი თაგოდან ხულოს ცენტრში კვირაში ორჯერ სარგებლობს საბაგიროთი, ცეკვის გაკვეთილებზე დადის.

გაზაფხულზე, ისევე როგორც ყველა სოფელში, თაგოშიც მიწას ამუშავებენ, თუ არ წვიმს, ყველა გარეთაა გამოფენილი და ბოსტანს, ბაღჩა-ბაღებს ბარავს, კაცები და ქალები უზარმაზარი ჭილოფის ქუდებით მუშაობენ, ორღობეებში ქალების გადაძახილ-გადმოძახილი ისმის.

ზოგი სახლის წინ ზის და ფერად-ფერად თოკებს ამზადებს პომიდვრის ნერგების დასამაგრებლად, ზოგიც, უბრალოდ, საკუთარი აივნიდან გაჰყურებს სოფელს.

თაგოში ჩვენი მოგზაურობა იმ დროს დაემთხვა, როცა მთელი სოფლის ბავშვები ხულოში იყვნენ ცეკვის გაკვეთილზე. თუმცა ვიპოვეთ ისინი, ვისაც ცეკვის გაკვეთილს გართობა ურჩევნია. მაგალითად, ნინი სახლის კიბეზე იჯდა როცა გავიცანით, ლერი ძველ, გაუქმებულ მანქანაში იყო გამაგრებული და წარმოსახვით საჭეს მართავდა.

თაგოში ამ ზაფხულს საოჯახო სასტუმროც იქნება. თამაზ ბოლქვაძე 25 წლის მიტოვებულ მამისეულ სახლში დაბრუნდა, შეაკეთა და უკვე ორი წელია აქ საოჯახო კაფეს ამუშავებს.

„მცირემიწიანობის გამო ხობის რაიონში გადავედი საცხოვრებლად. ვაშლი, ატამი, მსხალი, ლეღვი, ვენახი გავაშენე და მინდა შვილებს და შვილიშვილებს რაღაც დავუტოვო. სახლი 25 წელი იყო დაკეტილი, ნადგურდებოდა. შევაკეთეთ, 7-8 წელია დავდივართ, მეურნეობას ვუვლით. მოვფუფულდით და დევიწყეთ საქმე, თავკაციც კი არ გვყავს თაგოში, ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ თავს, ცაში ვართ გამოკიდებული, ღმერთის ანაბარა.

საოჯახო სასტუმროს ვაკეთებთ ხის მასალით და წელსვე ავამუშავებთ. რა ეღირება, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ძვირი არ იქნება. საოჯახო კაფეს უკვე ორი წელია ვამუშავებთ. ტურისტები როცა მოდიან, ეზოში ხილს უფასოდ ვაგემოვნებინებთ, თავად კრეფენ ნაყოფს და ეხალისებათ”, – გვეუბნება თამაზ ბოლქვაძე. თაგოში ცოლთან და შვილთან ერთად ჩამოდის ხობიდან.

საღამოობით თაგოში სულ წვიმს. ბავშვები სოფელში ჯერ ისევ არ დაბრუნებულან ცეკვის გაკვეთილიდან. მათი დატოვებული ეს წითელი ბურთი უპატრონოდ გდია ორღობეში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: