მთავარი,სიახლეები

პორტთან გადაკეტილი ქუჩა შესაძლოა ივლისში გაიხსნას – ტრანსპორტი ესტაკადაზე იმოძრავებს

08.05.2018 • 2668
პორტთან გადაკეტილი ქუჩა შესაძლოა ივლისში გაიხსნას – ტრანსპორტი ესტაკადაზე იმოძრავებს

ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ესტაკადაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. პარალელურად, გაგრძელდება სამუშაოები, რომლებიც სექტემბერში დასრულდება.

„ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ უკვე ივლისის დასაწყისში ესტაკადით იმოძრაოს როგორც ბათუმში შემომსვლელმა, ასევე ქალაქის ცენტრიდან გამსვლელმა ავტოტრანსპორტმა. ერთადერთ ხელშემშლელ პირობად, შესაძლოა უამინდობა განვიხილოთ, სხვა შემთხვევაში ესტაკადაზე აღნიშნული დროისთვის ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელი იქნება. მთლიანი სატრანსპორტო კვანძი კი, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება,“ – გვითხრა ლევან ტრაპაიძემ, მშენებელი კომპანიის „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორმა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდის მალების, ე.წ. კოჭების ბურჯებზე დალაგება-მიერთებისა და სხვა სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს  ესტაკადის, ასევე, ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას.

ესტაკადის მშენებლობის გამო მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართულია მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.

ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს და ქალაქიდან გამსვლელი ტრანსპორტი ბონი-ბარცხანის გავლით მოძრაობს.

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ 14 მილიონ 370 ათას ლარზე აქვს გაფორმებული:

ესტაკადის მშენებლობა / ბაქოს ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს ცალმხრივია და ბარცხანიდან ქალაქის მიმართულებითაა დაშვებული / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

ამავე თემაზე:

კომპანია: ვფიქრობთ, ბათუმის ესტაკადა ივლისში აშენებული იქნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: