უფასო მგზავრობა ბეშუმსა და სხვა იალაღებზე – 25 ათასი ლარი ხულოს ბიუჯეტში

ხულოს მუნიციპალიტეტი, 2018 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს კურორტ ბეშუმსა და მუნიციპალიტეტის იალაღებზე, რისთვისაც 25 380 ლარია ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისად, დაინიშნება დამატებითი რეისები ხულო-ბეშუმის, სხალთა-თეთრობის, სხალთა-სარიჩარის, ვაშლოვანი-დიდაჭარის მთისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით.

„ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეთანხმებულია მოსახლეობასთან და შედგენილია მათი ინტერესების გათვალისწინებით. თუ, დავუშვათ, რომელიმე მარშრუტზე უამინდობის ან სხვა რაიმე მიზეზით იქნება შეფერხება ტრანსპორტის გადაადგილებაში, გრაფიკი შესაძლოა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიცვალოს,“ – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიაში.

მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება დღეს, 8 მაისს, დაიწყო და 10 მაისს დასრულდება.

მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მარშრუტით:

  • ხულო-ბეშუმი-ხულო,
  • ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა- ვაშლოვანი,
  • დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
  • სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა,
  • ხიხაძირი-სარიჩარის მთა-ხიხაძირი,
  • სხალთა-ხულო-თეთრობის მთა-სხალთა,
  • ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
  • ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი.

პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ ხუთი ერთეული, არანაკლებ 14-ადგილიანი [დასაჯდომი ადგილი] სატრანსპორტო საშუალება.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მძღოლი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური და ფლობდეს „D“ კატეგორიის მართვის მოწმობას და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის გამოცდილებას.

მთავარი ფოტო: დაბა ხულო. ეკა ბარამიძის ფოტო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com