შსს: დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი; ოთხ თვეში ამოღებულია 8 კილოგრამამდე ჰეროინი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის – ჯ.ე.-ს დაკავების მიზნით, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდნენ: „ამ პერიოდში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ჯ.ე. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის” 393 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ასევე საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, 1980 წელის დაბადებული ვ.ვ. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი”.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება,“ – აცხადებს შსს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com