მთავარი,სიახლეები

სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი კვლევა პარალელურ სამყაროებზეა

07.05.2018 • 3561
სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი კვლევა პარალელურ სამყაროებზეა

გარდაცვლილი მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის ბოლო კვლევა ჩვენი მსგავსი, პარალელური სამყაროების არსებობის საკითხს ეხება.

ჰოკინგის კვლევა ასტრონომებს უბიძგებს დაიწყონ კვლევები პარალელური სამყაროების არსებობის დამადასტურებელი ნიშნების აღმოსაჩენად. ასტროფიზიკოსის ბოლო კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of High-Energy Physics-ს მეცნიერის გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე გადასცეს.

1980 წელს ჰოკინგმა ამერიკელ ასტროფიზიკოსთან, ჯეიმს ჰარტლისთან ერთად შეიმუშავა სამყაროს წარმოშობის ახალი თეორია.

ჰარტლი-ჰოკინგის თეორიამ აინშტაინის თეორიის ორაზროვნებას დაუსვა წერტილი, რომლის მიხედვითაც სამყარო 14 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, თუმცა თეორიაშია არ იყო დაზუსტებული, როგორ მოხდა ეს.

მეცნიერებმა კვანტურ ფიზიკას მიმართეს, რათა აეხსნათ თუ როგორ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო სამყარო არაფრისგან.

ჰარტლი-ჰოკინგის თეორია პასუხობს ერთს, თუმცა აჩენს უამრავ სხვა კითხვას. თეორიის მიხედვით, დიდი აფეთქების შედეგად დიდი ალბათობით შეიქმნა არა ერთი, არამედ უამრავი სხვადასხვაგვარი სამყარო.

ჰარტლი და ჰოკინგი მიიჩნევენ, რომ პარალელური სამყაროების ერთი ნაწილი ჩვენსას ჰგავს და არსებობს დედამიწის მსგავსი პლანეტებიც, ჩვენი მსგავსი საზოგადოებებით და ასევე მსგავსი ადამიანებით.

სამყაროების მეორე ნაწილში, ამავე თეორიის მიხედვით, შესაძლოა არსებობდეს  დედამიწისგან განსხვავებული პლანეტა, რომელმაც დინოზავრების პოპულაცია შემოინახა.

მესამე ტიპის სამყაროები მეცნიერებს წარმოუდგენიათ ბევრად განსხვავებულად: ეს შესაძლოა იყოს სივრცე მიწის, ვარსკვლავებისა და გალაქტიკის გარეშე, სამყარო, რომელიც ფიზიკის სხვაგვარი კანონების მიხედვით მოქმედებს.

ყველაფერი ფანტასტიკასავით ჟღერს, თუმცა ჰარტლი – ჰოკინგის თეორიის მათემატიკური გათვლების მიხედვით, ეს შესაძლებელია.

კვლევის მიხედვით არსებობს უთვალავი სხვადასხვა სამყარო, რომლებიც ფიზიკის სხვადასხვა წესებით მოქმედებენ, თუმცა თეორია ვერ ხსნის ჩვენ სად ვიმყოფებით ზუსტად და როგორია ჩვენი თავისებურებები სხვა სამყაროებთან შედარებით.

სწორედ ამ პარადოქსის ახსნას ცდილობს ჰოკინგი უკანასკნელ თეორიაში, ბელგიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორთან, ტომას ჰერტოგთან ერთად.

„არც სტივენს, არც მე, ამაზე შეჩერება არ გვაკმაყოფილებდა. გამოდის, რომ მულტისამყარო შემთხვევით წარმოიქმნა და მეტს ვერაფერს ვიტყვით. ხანდახან ვამბობდით, რომ იქნებ ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ არ გვინდოდა შერიგება ფაქტთან, რომ პასუხებს ვერ ვიპოვიდი“, – უყვება BBC-ს ტომას ჰერტოგი.

თეორიის მიხედვით, ჩვენს სამყაროში მოქმედი ფიზიკის კანონების ფარგლებში შესაძლებელია პარალელური სამყაროების შესწავლა, რადგან ყველგან ფიზიკის კანონები უნდა მოქმედებდეს, თუმცა გარკვეული სახეცვლილებებით.

არსებობს ფიზიკოსების დიდი ჯგუფი, რომლებიც ჰარტლი-ჰოკინგის თეორიის მიხედვით კვლევას განაგრძობენ.

როგორც სტივენ ჰოკინგის თანამოაზრე, მეცნიერი ტომას ჰერტოგი ამბობს BBC-თან, ფიზიკის კანონები, რომლებსაც მეცნიერები ლაბორატორიებში ამოწმებენ, ყოველთვის არ არსებობდა. არავინ იცის მომავალში თანდათანობით რა ახალი კანონები გაჩნდება, რადგან ჩვენი სამყარო ფართოვდება და შეიცვლება ფიზიკის წესებიც. ეს შეუქცევადი პროცესია.

ტომას ჰერტოგი მიიჩნევს, რომ ახალი თეორიის მიხედვით, მეცნიერებს შეუძლიათ იკვლიონ პარალელური სამყაროების კვალი ჩვენს გალაქტიკაში და, პირველ რიგში, ეს შესაძლებელია დიდი აფეთქების მიკროტალღური კვალის შესწავლით.

წყარო: BBC

გადაბეჭდვის წესი