მთავარი,სიახლეები

მოიტყუა თუ არა შსს-მ ბათუმში, სავალუტო ჯიხურში შეიარაღებული პირის დაკავებაზე

07.05.2018 • 5373
მოიტყუა თუ არა შსს-მ ბათუმში, სავალუტო ჯიხურში შეიარაღებული პირის დაკავებაზე

შაბათს, 4 მაისს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული ბათუმში „ცხელ კვალზე დააკავეს“. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა“, – ამ სათაურით გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა თავდამსხმელის შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა: „შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც შეეცადა, თუმცა, გ.მ. მასაც დაუსხლტა. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა“.

ეს ფაქტი დღისით, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა, შესაბამისად, ამბავს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. მათი თქმით კი, რომელიც ასევე ამ ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც დასტურდება, შეიარაღებული თავდამსხმელი დააკავეს არა პოლიციელებმა, არამედ დააკავა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა.

ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი არა ერთ პირს, არამედ ორს. ასევე ჩანს ისიც, როგორ იხდის ერთ-ერთი დაკავებული მაისურს და გარბის, მაგრამ მას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ისევ აკავებს. რამდენიმე წუთში ე.წ. ხოფის ბაზრობის წინ, ანუ დაკავების ადგილზე, მიდის შს სამინისტროს პიკაპი. პოლიციელები მანქანაში სვამენ დაკავებულ პირს და მიჰყავთ.

„ბათუმელები“ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან თვითმხილველს, ასევე სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეს, ესაუბრა.

„დღის ოთხის ნახევარი იქნებოდა, მეზობელ თანამშრომელთან შევედი, ყავა დავლიოთ-მეთქი. კარი გამოხურული იყო და დავინახე, ოპერატორისთვის პისტოლეტი ჰქონდა ყელზე მიბჯენილი. თავდამსხმელმა ხელით მანიშნა, ხმა არ ამოიღოო, ის კასის ძალით გაღებას ცდილობდა. მე ყვირილი დავიწყე, მოგვეხმარეთ, გვიშველეთ-მეთქი. ვუთხარი იმ გოგოს, რომ კასა არ უნდა გაეხსნა. თავდამსხმელს  სამედიცინო პირბადე ეკეთა, მარტო თვალები უჩანდა… ამ დროს მოვარდა ვიღაც კაცი სამოქალაქო ფორმაში, ძალით გააღო კარი და გამოათრია ის ბიჭი გარეთ. გარეთ მეორე კაციც მოვიდა. მეგონა, დაგვეხმარება-მეთქი. თურმე, ისიც თანამზრახველი ყოფილა, ალბათ, არ ვიცი, გამოძიება დაადგენს. ეს ორივე დააკავა იმ ბიჭმა, მაგრამ დაუსხლტა. ის ბიჭი, რომელიც სავალუტო ჯიხურში შევარდა, მაისური გაიხადა და გაიქცა, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს დააკავა ისევ იმავე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, ვერ მოასწრო გაქცევა, მეორე – მიიმალა. ამასობაში მოვიდა პოლიციაც,“ – გვიყვება თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

იმედა ბასილაძე სავალუტო ჯიხურის მესაკუთრეა. მან გვითხრა, რომ შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა ყველა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი დაათვალიერა.

„მე რაც ვნახე, ის ბიჭი [თავდამსხმელი] სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა დააკავა, მერე ხელიდან დაუსხლტა და ქუჩის მეორე მხარეს ისევ დააკავა. პოლიციაც მოვიდა მაგ წუთებში…“ – გვითხრა იმედა ბასილაძემ.

ის ვარაუდობს, რომ თავდამსხმელს სათამაშო პისტოლეტი უნდა ჰქონოდა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

რაში დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის ამ სახით გავრცელება? – ვკითხეთ შს სამინისტროს პრესცენტრს, სადაც ისევ გაიმეორეს, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული საბოლოოდ ვინც დააკავა, ნამდვილად პოლიციელი იყო. მას სამოქალაქო ფორმა ეცვა და ოპერატიულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: