მთავარი,სიახლეები

ტაქსისტი ქალი: კაცი ტაქსის მძღოლები მავიწროებენ და არ მამუშავებენ, ქალს ქუჩაში რა უნდაო

07.05.2018 • 7483
ტაქსისტი ქალი: კაცი ტაქსის მძღოლები მავიწროებენ და არ მამუშავებენ, ქალს ქუჩაში რა უნდაო

ბათუმში, ევროპის მოედანთან, მაია იმნაძე მეორე წელია საკუთარი ავტომანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევხვდით. მაია ამბობს, რომ კაცი ტაქსის მძღოლები ავიწროებენ, სიტყვიერად შეურაცხყოფენ სისტემატურად და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

„მეორე წელია, რაც ტაქსისტად დავიწყე მუშაობა. მარტოხელა დედა ვარ, მანამდე 8 წელი საბერძნეთში ვმუშაობდი,“ – გვიყვება მაია იმნაძე. მისი თქმით, კონფლიქტური სიტუაცია მაშინ იქმნება, როცა სასტუმრო „პრინცესას“ მიმდებარედ ტაქსები მორიგეობის პრინციპით ჩერდებიან და მთელი ღამე ემსახურებიან სასტუმროდან ან კაზინოდან გამოსულ ადამიანებს.

„რიგი მიწევს, კი, მაგრამ არ მითმობენ მგზავრს. ეუბნებიან, რომ მეძავი ვარ, მაფიაა ეს ქალი, არ ჩაუჯდე მანქანაშიო და ასე შემდეგ. როცა ხმას ვიღებ, მეუბნებიან, რომ პატიოსანი ქალი შუაღამისას თურმე ქუჩაში არ უნდა ვიყო. რამდენჯერმე გამოვიძახე პოლიცია, მაგრამ როცა პოლიციელები მიდიან, შემდეგ ყველაფერი ძველებურად გრძელდება,“ – აღნიშნავს მაია იმნაძე.

ერთ-ერთი გამოძახების დროს პოლიციელებმა ადგილზე წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა დააფიქსირეს. ადმინისტრაციული წესით, რამდენიმე დღით, ბათუმის მე-3 განყოფილებამ  ორი კაცი, ტაქსის მძღოლი, დააკავა.

წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა.

„მტკიცებულება რა უნდა მქონოდა, როცა მაგინებდნენ, მაგ დროს ვიდეოს ვერ გადავუღებდი. მოწმეები კიდევ ისეთი ხალხი მოიყვანა პოლიციამ, რომლებიც დაპირისპირების დროს იქ არ იმყოფებოდა,“ – აღნიშნავს მაია იმნაძე.

ქალი ტაქსის მძღოლი ყვება იმასაც, რომ ტაქსის ადგილის მოსაპოვებლად ხშირად იმართება ე.წ. ქურდული გარჩევები. მაიას თქმით, ის სასტუმრო „პრინცესას“ გახსნამდე ბევრად უფრო ადრე გაჩერდა იქ იმისთვის, რომ „სამსახური ეშოვა“.

„სხვაგან არ დამაყენეს არსად, ვერ გაჩერდები. აქ მომიწია რიგი, მაგრამ ქალი თურმე არ უნდა ტაქსაობდეს, ასეთი ვითომ განაჩენი გამომიტანეს კაცებმა… არ დავნებდები, ყველგან ვიდავებ, სახალხო დამცველსაც მივმართავ, თუ ისევ შემავიწროებენ,“ – ამბობს მაია იმნაძე.

„არავინ არ ავიწროებს მაგას, პირიქით, უნდა, რომ ყველა მგზავრი მისი იყოს, მასე სადაა, ჩვენც გვინდა მუშაობა,“ – გვითხრა ტაქსის ერთ-ერთმა კაცმა მძღოლმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: