საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს აფრთხილებს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მოუწოდებს, გემზე წასვლამდე სამუშაო კონტრაქტებს ყურადღებით გაეცნონ. ამასთან, სააგენტო ქართველი მეზღვაურების ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს.

„25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვაპირებთ ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია მეზღვაურთათვის. იმისათვის, რომ გავაცნოთ, თუ რა უფლებები აქვთ დასაქმების შემთხვევაში, ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია საფრთხის შემცველი იმ რეგიონების შესახებ, სადაც მათი დასაქმება არ არის უსაფრთხო,“ – ამბობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი.

მისივე თქმით, ყოველდღიურად ასობით მეზღვაური მიდის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაო დიპლომის ასაღებად. მეზღვაურები საბუთებთან ერთად იღებენ საინფორმაციო ბროშურას. ბროშურაზე განთავსებულია ინფორმაცია საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო კომპანიების შესახებ.

მთავარი გაფრთხილება, რასაც საზღვაო სააგენტო მეზღვაურებს აძლევს, არის ის, რომ დასაქმების დროს ყურადღებით გაეცნონ შრომითი ხელშეკრულების პირობებს და მოიძიონ დაწვრილებითი ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ. სააგენტო მეზღვაურებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს შრომითი ხელშეკრულების დეტალურად შესასწავლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი