პატიმრობიდან გათავისუფლებული მეზღვაური: სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე

დღეს, 7 მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურ სოსლან კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე. ბრალდება იყო, რომ მოვიპოვებდით ნავთობს და უკანონოდ გაგვქონდა იტალიაში. დიდი ძალისხმევა გაიღო  უნგრეთის საკონსულომ, ჩემი სასამართლო შედგა და გამათავისუფლეს,“- თქვა სოსლან კაკაბაძემ შეხვედრაზე.

უნგრული მხარის დახმარებას გაუსვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმაც.

„დღევანდელ დღეს წინ უძღოდა ძალიან რთული და ინტენსიური სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ლიბიაში დღეს არსებული ვითარების გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ. გამოვიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი, ყველა დონეზე, როგორც დიპლომატიური, ასევე სამართლებრივი, რომ მეზღვაურები გაგვეთავისუფლებინა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო უნგრული მხარის ფასდაუდებელი დახმარება. ისინი ახდენდნენ მეზღვაურების საკონსულო დაცვას ადგილზე, ასევე აქტიურად გვყავდა ჩართული თურქეთისა და ბრიტანეთის საელჩოები ტრიპოლში,“ – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

სოსლან კაკაბაძე 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს დააკავეს. კაკაბაძე ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ  მცირე ნავთობ-ტანკერ “Sovereign M”- ის ეკიპაჟში იყო. ის ტანკერზე მზარეულად მუშაობდა. თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან სოსლან კაკაბაძე ლიბიის სასამართლომ 2018 წლის 29 აპრილს გაათავისუფლა.

პატიმრობაში რჩება კიდევ ორი მეზღვაური – გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, დაკავებული მეზღვაურების სასამართლო პროცესი 20 მაისსაა ჩანიშნული.

სოსლან კაკაბაძე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი