ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. ეს განცხადება მან დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“  შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია კოდებით, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და, ბუნებრივია, ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა.

ასეთივე დაშიფრული ინფორმაცია მოგვაწოდა „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომაც“. ინფორმაცია ვერც მერიის მიერ დაარსებული „ბათუმის წყლისგან“ მივიღეთ“, – ამბობს ქამადაძე.

მისი თქმით, მერიის შპს-ეები არ აწვდიან სახელობით სიას დასაქმებული პირების შესახებ, რაც, მისი აზრით, ნეპოტიზმის ეჭვს იწვევს. „შესაძლებელია დასაქმებული ჰყავდეთ ნათესავები. ამიტომ ეს ეჭვები რომ არ გვქონდეს, ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ.“

მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრს კანონით უფლება აქვს, მერიისა და საკრებულოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციიდან ყველა ინფორმაცია მიიღოს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ის ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, შეხვედრას სთხოვს.

ამავე თემაზე:

„უკვე დაგეგმილი მქონდა სხვა შეხვედრა“ – ბათუმის მერი საკრებულოს ოპოზიციას არ შეხვდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com