საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 900 ათას ლარად რადიოკავშირის სისტემას შეიძენს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო რადიოკავშირის სისტემას შეიძენს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ ასათიანმა და იტალიური კომპანია ELMAN S.R.L -ს აღმასრულებელმა დირექტორმა მანუელა რონდონმა დღეს მოაწერეს.

აღჭურვილობას სააგენტოს სწორედ ეს იტალიური კომპანია მიაწვდის.

საზღვაო რადიოკავშირის სისტემა ზღვაზე ძებნა-გადარჩენისa და გემების მონიტორინგის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრისთვისაა განკუთვნილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მსგავს ტექნიკას ყიდულობს.

საზღვაო რადიოკავშირის სისტემის შესაძენად 900 ათასი ლარია გამოყოფილი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანას არ გააჩნდა სრულყოფილი საზღვაო-სამაშველო კომუნიკაციის საშუალებები საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში განსაცდელში აღმოჩენილი გემებისა და ადამიანების დასახმარებლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი