მთავარი,სიახლეები

ზვიად ქორიძე: ფაშიზმის მაჩვენებელია, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას აქვს სპეციფიკური სუნი

06.05.2018 • 13400
ზვიად ქორიძე: ფაშიზმის მაჩვენებელია, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცას აქვს სპეციფიკური სუნი

4 მაისს ბათუმში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ გამართა დისკუსია თემაზე: „ეროვნული უმცირესობები საქართველოში“. გთავაზობთ ზვიად ქორიძის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას.

ზვიად ქორიძე: ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებულები, გვაქვს განსხვავებული ხედვა ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რა არის უცვლელი. ეს არის პრობლემა, რაზეც მე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ თქვენთან მესაუბრა.

ამ 27 წლის მანძილზე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენ ვხედავთ ჩვენი განვითარების რამდენიმე ფაზას; პირველი ფაზა უფროსი ასაკის ადამიანებს გახსოვთ ალბათ, ახალი პოლიტიკური ძალა რომ მოვიდა კომუნისტური რეჟიმის დარღვევის დროს, ე.წ. ეროვნული მოძრაობა, მან საზოგადოებას შესთავაზა ეთნონაციონალური ლოზუნგი – საქართველო ქართველებისთვის. პირველად ვინ თქვა ეს, ვერავინ გეტყვით, მაგრამ ეს იყო ლოზუნგი, რომელიც ყველამ მიიღო და აიტაცა. გაჩნდა ასეთი მიდგომა: რაკი ახლა ჩვენს ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, საქართველოში ქართველების გარდა სხვა არ უნდა იყოს.

თბილისში იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, როდესაც 24 საათი მისცეს ოსებს, რომ დაეტოვებინათ ქალაქი. მათ სახლებს პირდაპირ წითელი ჯვრები დაუსვეს. მათ დატოვეს სახლები და წავიდნენ. როდესაც ხედავ, რომ ასეთი ეთნონაციონალისტური მიდგომა არის, თავისთავად კითხვა უნდა გაგიჩნდეს, ამან ხომ არ შეიძლება გააჩინოს ქართულ-ოსური დაპირისპირება, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების თემა იქნება?!

არც ზვიად გამსახურდია, არც გია ჭანტურია და არც ირაკლი წერეთელი პირადად არ დადიოდნენ და თავად არ სვამდნენ ჯვრებს სახლებზე. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობდნენ, შეიძლება საერთო სამეურნეო საქმიანობაც ჰქონდათ, ერთადაც მუშაობდნენ, მაგრამ ამ ეთნონაციონალისტურმა ლოზუნგმა გააერთიანა ხალხი კონკრეტული ეთნოსების წინააღმდეგ.

ამ ლოზუნგის გამო არ განხორციელდა რესტიტუცია, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების თემა. საბჭოთა კავშირის დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ძალიან ბევრს ჰქონდა, თბილისში გაჩნდა თემა – რესტიტუცია რომ აღვადგინოთ, რა ქონებას დაიბრუნებენ სომხები? ამიტომ არ გააკეთეს რესტიტუცია. მე არ ვყვები ზღაპრებს, ეს ხდებოდა 90-იანი წლების საქართველოში. ამან გამოიწვია არმენოფობიური განწყობები.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმა. ჩვენ იმაზე კი არ შევთანხმდით, რომ მულტიკულტურული საზოგადოება ვიყავით ყოველთვის და ამიტომ ვიყავით ძლიერი. ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი, რომ უნდა გავხდეთ მონოკულტურული საზოგადოება და აი, მანდ გაგვიჩნდა სერიოზული პრობლემა, რაც დღემდე გვიტოვებს გამოუვალობის განცდას.

ძალიან ცნობილმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, დაწერა „ლიტერატურულ საქართველოში“, იმ პერიოდში პოპულარულ გაზეთში, სტატია აფხაზებზე. მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე დამანგრეველი სტატია, რაც გაჩნდა ქართულ რეალობაში. მან პირდაპირ მოიხსენია აფხაზი ხალხი, როგორც მთიდან, კავკასიიდან ჩამოსული ტომი. ქართველს არ ჰქონია მოძრაობის ტრაექტორია? რა თქმა უნდა, ქართველიც დადიოდა, როგორც სომეხი, თურქი, ბერძენი, მაგრამ აი, ეს შეძახილი ძალიან პოპულარული გახდა პოლიტიკოსებისთვის.

ზვიად გამსახურდია და მარიკა ლორთქიფანიძე ერთმანეთს აგინებდნენ. ზვიად გამსახურდია ეძახდა მარიკა ლორთქიფანიძეს წითელ პროფესორს, მარიკა ლორთქიფანიძე ზვიად გამსახურდიას – ფაშისტს. ამ დროს ორივემ ძალიან კარგად აიტაცა ანტიაფხაზური განწყობა. გამოვიდა მიტინგზე ზვიად გამსახურდია – ხალხო, არავინ არ მოგატყუოთ, აფხაზი ერი არ არსებობსო. ეს რით განსხვავდება მარიკა ლორთქიფანიძის წერილისგან?! არაფრით. ჩვენ დავიწყეთ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა და აღმოვჩნდით ერთ ომში ოსებთან, მეორე ომში – აფხაზებთან.  სახელმწიფოს შენება არ უნდა დაიწყო ომით, უნდა დაიწყო თანხმობით. ჩვენ აღმოვჩნდით ომში და წავაგეთ ორივე ომი.

გადავწყვიტეთ, რომ თავი დაგვენებებინა ეთნოომებისთვის და მივიღეთ შემდეგი ვითარება: სახელმწიფოს სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც არ ჰქონდა მაღალი ნდობა საზოგადოებაში. ის მოვიდა შეიარაღებული გადატრიალების გზით, მისი ლეგიტიმაცია იყო ძალიან სუსტი.

მეორე მხრივ იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მიტინგები, სადაც დადიოდნენ ილია მეორეს სურათით, რომლებზეც იყო წითელი ჯვრები გადახაზული. ილია მეორეს მაშინ ხალხი არ პატიობდა, რომ მან არ გამოუცხადა სოლიდარობა კანონიერად არჩეულ გამსახურდიას. წარმოიდგინეთ, არის შევარდნაძის მმართველობა და არის ილია მეორის მმართველობა. პოლიტიკურმა ძალამ შესთავაზა ეკლესიას, რომ ისინი მათ აღიარებდნენ მთავარ რელიგიურ ძალად  და ილია მეორემ უთხრა, რომ ეკლესია მათ აღიარებდა მთავარ პოლიტიკურ ხელისუფლებად.

ამ შეთანხმებით დაიწყო პროცესი, რომელსაც დავარქმევდი რელიგიური ნაციონალიზმის ეტაპს. საქართველოში დაიწყო იმ ადამიანების დევნა, რომლებსაც ჰქონდათ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები. მანამდე არავის აწუხებდა საქართველოში, თუ რა რელიგიის იყო ადამიანი. ყველაზე სუსტი რგოლი, რომელზეც მოისინჯა რელიგიური ნაციონალიზმი, იყვნენ იეჰოვას მოწმეები. საზოგადოებაში გაჩნდა შეხედულება, რომ თუ არ საუბრობდი როგორც მართლმადიდებელი, ესე იგი იყავი იეჰოველი.

შეხვედრა ბათუმში

სხვათა შორის, გამსახურდიას დროს, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად მიიღო ფაქტი, როდესაც ილია მეორე ჩავიდა ბათუმში, გააღო კათოლიკური ეკლესია და თქვა, რომ დღეიდან ეს იქნება მართლმადიდებლური ეკლესია. რატომ? პასუხი მარტივია, რომ არ არის ბათუმში კათოლიკური თემი დიდი, პატარა თემია და იმათ ეყოფათ, რაც ასლან აბაშიძემ აუშენა. უკაცრავად, მაგრამ შენი რომ არ არის, არ უნდა აიღო, უპატრონოც რომ იყოს. სასამართლოში ამის გამო ისჯებიან ადამიანები. შენი არ არის და რატომ იღებ?! იღებ იმიტომ, რომ წაშალო კვალი, მათი წარმომავლობის კვალი. ბათუმისთვის და, ზოგადად, საქართველოსთვის კათოლიკური თემი იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

თბილისში ექვს ეკლესიაზე, ისტორიკოსების რწმუნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ აშენებული. 2018 წელია და დღემდე სადავოა ეს საკითხი. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქართულმა საზოგადოება თქვას, რომ ეს ეკლესიები არის სომხური სამოციქულო. ეს ეკლესიები თუ დაუბრუნდა სომხებს, გამოდის, რომ ქართველები ეთნონაციონალურად წავაგებთ. აი, ეს განწყობაა ახლა.

2002 წელს საქართველოს დადო საკონსტიტუციო  შეთანხმება, რითაც საქართველოს ეკლესიებს მისცა განუსაზღვრელი ძალაუფლება. ეკლესია არ იხდის გადასახადებს – სახელმწიფო ყოველწლიურად უხდის გადასახადს. ამ საკონსტიტუციო შეთანხმებით გაფორმდა ახალი ფილოსოფია – თუ ქართველი ხარ, უნდა იყო მართლმადიდებელი, თუ მართლმადიდებელი არ ხარ, აბა რისი ქართველი ხარ.

…რელიგიური ნაციონალიზმი უკვე მოითხოვდა განვითარებას და ეს განვითარება დაიწყო 2000-იანის წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც ახალი „ხიფათი“ დაგვანახეს. ახალი ხიფათი აღმოჩნდა დასავლეთი, დასავლეთი ჩვენ გვართმევს ქართველობას, გვართმევს მართლმადიდებლობას. თითქოს მართლმადიდებლობას ებრძვის სოროსი, ყველა ამერიკელი, ევროპელი, თუმცა ევროპულ სივრცეში არის ბევრი მართლმადიდებლური ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი…

რა არის დასავლეთი?! ეს არის ადამიანის უფლებები, საკუთრების თავისუფლების უფლების პრინციპი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი თანასწორობის.

როდესაც ვართ თანასწორები, უკვე ადვილია კონკურენცია, კონკურენცია ბიზნესში, განათლებაში, პოლიტიკაში, ჯანდაცვაში და ა.შ.  დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საშინელებაა თანასწორობის პრინციპი, როგორ შეიძლება ადამიანები იყვნენ თანასწორები, ანსხვავებენ ადამიანებს რელიგიური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი სოფლიდან გაასვენეს 18 წლის გოგონა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის იყო. ჩვენ ის თვალითაც კი არ გვყავდა ნანახი. დაკრძალვის დროს სიჩუმე იყო იმ ეზოში, თითქოს დიდი სირცხვილი მოიშორეს თავიდან.

დღემდეა ეს განწყობები. მეტსაც გეტყვით, დღემდე ჩვენი საზოგადოება ვერ ხვდება იმას, რომ უნდა იყოს შესაბამისად ადაპტირებული გარემო. გამოდის ჯანდაცვის მინისტრი და ამბობს, რომ საავადმყოფოები და აფთიაქები არის ადაპტირებული. რაკი ვარ შშმ პირი, ჩემი წასასვლელი მხოლოდ საავადმყოფო და აფთიაქია?! არ შემიძლია, რომ წავიდე რესტორანში? აი, ეს არის თანასწორობის განცდა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია.

მეორე ამბავი ასეთი: იყვნენ ეს გეები და ლესბოსელები, მაგრამ მხოლოდ სახლში. სამსახურში არ იყვნენ, ჩვენს გვერდით არ იყვნენ, ნუ გვეხებიან, იყვნენ, ოღონდ სახლში. ილოცოს ბათუმში მუსლიმმა, ოღონდ არ დამანახო მეჩეთი, სახლში ილოცოს. ეს არის ის განწყობები, რის გამოც ვერ ვვითარდებით.

ამ პრინციპებზე გაერთიანებული საქართველო არის ფაშისტური საქართველო, რომელიც მე არ მინდა და მგონია, რომ არც არავის არ უნდა. ფაშისტური საქართველო ყველა სიკეთესთან ერთად არის ჩაკეტილი საქართველო, იზოლირებული საქართველო.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენს გვიჭირს ხმამაღლა ვისაუბროთ პრობლემებზე. ქართველები არ საუბრობენ ამ თემაზე, მით უმეტეს არაჰეტორო, არამართლმადიდებელი, არაქართველი ვერ ისაუბრებს ამ თემებზე, რადგან მასაც ჩრდილში ურჩევნია ყოფნა.

ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა როგორც დევნილი საქართველოში, უნდა მივიღო როგორც დევნილი. თუ ადამიანი ჩამოვიდა იმისთვის, რომ საქართველოში უნდა ცხოვრება, მე ის უნდა მივიღო, როგორც ქვეყნის მოქალაქე. თუ ჩამოვიდა ბიზნესის გასაკეთებლად, უნდა მივიღო როგორც ბიზნესმენი; თუ უცხოელი ჩამოვიდა ქურდობისთვის, ის უნდა მივიღო ისე, როგორც ქურდი და როგორც ვსჯი ქურდს საქართველოში, ისიც ისე უნდა დავსაჯო. ვინმე იტყვის, რომ აქ ირანელმა ან თურქმა იქურდა და არ დაისაჯა?!

თბილისში „ქართულმა მარშმა“ აღმაშენებელზე მოაწყო დიდი აქცია. აქციის წინა საღამოს ვიყავი თურქულ კაფეში, მითხრეს, რომ ხვალ უნდა დაეკეტათ კაფე, რადგან „ქართული მარში“ აწყობდა გამოსვლას. მენეჯერმა მითხრა, რომ მასთან იყო პოლიციის განყოფილების უფროსი და როგორც მეგობარს, ისე ურჩია კაფის დახურვა, საღამოს ექვსი საათიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვერ იცავს კერძო პირის საკუთრებას. საკუთრება არის ხელუხლებელი, ვისიც არ უნდა იყოს, ქართველის, სომხის, აზერბაიჯანელის თუ ბანგლადეშელის. მაგრამ შენ თუ მეტყვი, რომ ჩემს საკუთრებას მე დავიცავ და ბანგლადეშელის კანის ფერი არ მომწონს, ან მისი გამოხედვა, მეტიც, რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს და რაც ფაშიზმის ყველაზე მძლავრი ინდიკატორია, ეს არის როცა ვამბობთ, რომ აქვთ სპეციფიკური სუნი.

სწორედ ეს არის ფაშიზმი. ჰიტლერმა რით გაანადგურა ჯერ ბოშა, მერე პოლონელი და შემდეგ ებრაელი ხალხი?! მან გერმანელი ხალხი დააჯერა, რომ მათ ჰქონდათ სპეციფიკური სუნი. ეს ყველაზე მძაფრი რეცეპტორია ფაშიზმის და ეს გვესმის ყოველდღიურად.

მე ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი სეგრეგაციის. ჩემთვის არ არსებობს ეთნიკური უმცირესობები, ჩემთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. მე არ მაინტერესებს ვინ არის რელიგიური უმცირესობა და ვინ – უმრავლესობა. ვერავინ ვერ გაიგებს მე სად და როგორ ვლოცულობ, კამერების თვალწინ სანთელს არასდროს დავიჭერ ხელში, ეს არ არის საზოგადოების საქმე, რადგან ეს არის პერსონალური სივრცე. სეგრეგაცია არის ძალიან ცუდი, რადგან ყველა სეგრერირებული ჯგუფი იწყებს მტკიცებას, რომ ისინი არიან ლოიალურები. ვუმტკიცებთ სხვებს, თუ როგორ გვიყვარს საქართველო. რატომ ვამტკიცებინებთ ამას ადამიანებს?!

საქართველოში არის ასეთი მიდგომა, რომ თუ ადამიანი საუბრობს განათლებაზე ის აუცილებლად უნდა იყოს ქართველი, მართლმადიდებელი და ჰეტეროსექსუალი. ლგბტ წარმომადგენლებს თითქოს არ ეხებოდეთ განათლების, ჯანდაცვის პრობლემები, ბიზნესის კონკურენტუნარიანობა, კულტურის პრობლემა, თითქოს მათი პრობლემაა ისაუბრონ მხოლოდ საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე.

__________

ქვეყნდება შემოკლებით. დისკუსია გაიმართა პროექტის – „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: