მთავარი,სიახლეები

შსს: შეიარაღებული კაცი ვალუტის პუნქტს აყაჩაღებდა, მისი შეჩერება მეზობლებმა სცადეს

05.05.2018 • 5718
შსს: შეიარაღებული კაცი ვალუტის პუნქტს აყაჩაღებდა, მისი შეჩერება მეზობლებმა სცადეს

პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული 30 წლის კაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ, 4 მაისს, ბათუმში, „სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა თავდამსხმელის შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა: „შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც შეეცადა, თუმცა, გ.მ. მასაც დაუსხლტა. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელმა იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული გ.მ. წარსულში ნასამართლევია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გადაბეჭდვის წესი