მთავარი,სიახლეები

ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებული მოჭიდავეები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

05.05.2018 • 3890
ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებული მოჭიდავეები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებულ სამ მოჭიდავეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

“ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, ჯელალ ქიქავას და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს გუშინ, 4 მაისს, წაუყენეს ბრალი. 

“ისინი პირველივე დაძახებაზე მოვიდნენ და მისცეს გამოძიებას აღიარებითი ჩვენება, მაგრამ გირაოს შეფარდება მაინც აუცილებელია, რომ მათ არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული, ან არ მიიმალონ”, – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს პროკურორმა ადილარ წირღვავამ.

შემთხვევა 24 მარტს მოხდა. აეროპორტის გზატკეცილზე პანაშვიდზე მისულ ჯელალ ქიქავას და მის ორ მეგობარს სცემეს. ჯელალ ქიქავამ მაშინ საჯაროდ თქვა, რომ მოჭიდავეებმა მას პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს, რადგან ქიქავამ ვახტანგაძე არაერთხელ მოიხსენია, როგორც “ზონდერი”.

“მუხრან ვახტანგაძე არაფერ შუაშია, გამორიცხულია ეს,” – უთხრეს მოჭიდავეებმა “ბათუმელებს”.

“ჩვენ ჯელალ ქიქავას არ ვიცნობდით, მაგრამ ცნობილი იყო მისი განცხადებები, რასაც მოჭიდავეებზე ამბობდა. პანაშვიდზე რომ დავინახეთ, ვკითხე, რას გვერჩი-მეთქი. აგდებულად გვიპასუხა. შევლაპარაკდით და შემდეგ მოხდა ეს,” – გვითხრა ბრალდებულმა ზურაბ კეკელიძემ.

მოჭიდავეებმა საუბარი მაშინვე შეწყვიტეს, როცა მათ ადვოკატმა, რამაზ ჯორბენაძემ გაჩუმება ურჩია.

სამივე ბრალდებული ოზურგეთიდანაა. ტარიელ კეკელიძეს სასამართლომ 3-ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მირზა ვანაძესა და ზურაბ კეკელიძეს – 2 ათასი ლარი.

ბრალდებულებს გამოძიება ედავება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ჯელალ ქიქავა სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.


ჯეჯალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებს ბათუმში, 24 მარტს დაესხნენ თავს. თავად ჯემალ ქიქავა ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს და უშუალოდ თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორი, ასევე ცნობილი მოჭიდავე, გოდერძი დავითაძე იყო.

გოდერძი დავითაძემ „ბათუმელებთან“ ქიქავას ცემასთან კავშირი კატეგორიულად უარყო: „რატომ მე, რადგან ნათესავი ვარ მუხრანის? მივხვდი ვისზე საუბრობთ, ჩემთვის მას [ჯელალ ქიქავას] არაფერი დაუშავებია და არანაირი ინტერესი არ მექნებოდა. მასსა და მუხრანს შორის რაღაც დიალოგი რომ შედგა, მახსოვს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვისაც არ უნდა ეცემა და გაელახა, მუხრანისკენ გაიშვერდა ხელს. დადოს ფაქტები თუ შეუძლია და თუ ადასტურებს, დადოს სურათები და ვიდეოები და გამოძიება მოკიდებს ხელს ვისაც საჭიროა იმას“ – განაცხადა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: