მთავარი,სიახლეები

შსს: ჯელალ ქიქავასა და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს ბრალი წარუდგინეს 

04.05.2018 • 3404
შსს: ჯელალ ქიქავასა და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს ბრალი წარუდგინეს 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტს ბათუმში, ჯელალ ქიქავასა და მის თანხმლებ ორ პირზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები დაფიქსირებულნი არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის თვითმხილველები. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მარშრუტი.

შსს-ს ცნობით, გამოკითხვისას მ.ვ.-მ, ზ.კ.-მ და ტ.კ.-მ ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტი აღიარეს და ინციდენტის მიზეზად ჯელალ ქიქავას მხრიდან მოჭიდავეების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაასახელეს.

შს სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯელალ ქიქავა შესაბამისი უწყებით გამოძახებულ იქნა პოლიციაში, თუმცა მან გამოვლენილი პირების ამოცნობაზე უარი განაცხადა.

მ.ვ.-ს და ზ.კ.-ს ბრალი წარედგინათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ტ.კ.-ს – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___________________

ჯეჯალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებს ბათუმში, 24 მარტს დაესხნენ თავს. თავად ჯემალ ქიქავა ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრის, ყოფილი მოჭიდავის, ოლიმპიური ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს და უშუალოდ თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორი, ასევე ცნობილი მოჭიდავე, გოდერძი დავითაძე იყო.

გოდერძი დავითაძემ „ბათუმელებთან“ ქიქავას ცემასთან კავშირი კატეგორიულად უარყო: „რატომ მე, რადგან ნათესავი ვარ მუხრანის? მივხვდი ვისზე საუბრობთ, ჩემთვის მას [ჯელალ ქიქავას] არაფერი დაუშავებია და არანაირი ინტერესი არ მექნებოდა. მასსა და მუხრანს შორის რაღაც დიალოგი რომ შედგა, მახსოვს და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვისაც არ უნდა ეცემა და გაელახა, მუხრანისკენ გაიშვერდა ხელს. დადოს ფაქტები თუ შეუძლია და თუ ადასტურებს, დადოს სურათები და ვიდეოები და გამოძიება მოკიდებს ხელს ვისაც საჭიროა იმას“ – განაცხადა მან.

ჯელალ ქიქავას ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა საქართველოს პარლამენტარმა, მუხრან ვახტანგაძემ.

_____________

ამავე თემაზე: 

ქიქავა: შსს ჩემი ცემის ფაქტს არ იძიებს, თავდასხმის ორგანიზატორი მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორია

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძეს ბათუმის მცხოვრები ცემაში ადანაშაულებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: