სიახლეები

აჭარაში მომავალ წელს გულის ქირურგიის დაფინანსების 200 ათასი ლარით გაზრდა იგეგმება

04.05.2018 • 1751
აჭარაში მომავალ წელს გულის ქირურგიის დაფინანსების 200 ათასი ლარით გაზრდა იგეგმება

ბათუმში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019-2022 წლების საშუალოვადიანი გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

გეგმის თანახმად, 2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 482 801 ლარით გაიზრდება და 17,248,620 ლარი იქნება. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, ჯამში 31 პროგრამას განახორციელებს.

სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია ერთი ახალი პროგრამის ამოქმედება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“. ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემის მქონე დედები. ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 200,000 ლარით გაიზრდება გულის ქირურგიის დაფინანსება, 500,000 ლარი დაემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამას, 150,000 ლარით გაიზრდება მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია, 150 000 ლარით გაიზრდება ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება, ამავე პროგრამით დაიწყება შშმ პირების, 18 წლამდე ასაკის ბავშვების, ასაკით პენსიონერების – 200,000 სარეიტინგო ქულით, 100,000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისა და უსახლკაროების ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი სიახლეები:
  •  0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ორთოპედიული გამოკვლევა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური პროფილაქტიკა.
  • მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში პირველადი სკრინინგით გამოვლენილ, სმენის დარღვევების მქონე ახალშობილებში მეორადი სკრინინგისა და საჭიროების შემთხვევაში ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება.
  • ჰელმინთებზე გამოკვლეული ბავშვებისათვის ოჯახის ექიმის/პედიატრის/პარაზიტოლოგის კონსულტაცია და ანტიჰელმინთური პრეპარატის სამკურნალო დოზის გადაცემა.
  • ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისათვის ახალი სამიზნე ჯგუფის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პირველ და მეორეკლასელთა შორის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: