მთავარი,სიახლეები

ქობულეთში სასმელი წყლის მოთხოვნით სატვირთო მანქანებს გზა გადაუკეტეს

04.05.2018 • 2821
ქობულეთში სასმელი წყლის მოთხოვნით სატვირთო მანქანებს გზა გადაუკეტეს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, სატვირთო ავტომანქანებს გზა გადაუკეტეს. ავტომანქანებით კვირიკედან სამშენებლო ქვები გააქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ სამუშაოებმა სამასამდე ოჯახი უწყლოდ დატოვა.

„ჩვენ ვითხოვთ წყალს 21-ე საუკუნეში, ორი კვირაა წყალი არ გვაქვს,”- ამბობს კვირიკეში მცხოვრები ციალა ტუნაძე. მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფელს არ ჰქონია, ვიდრე სოფელში წლების წინ კლდის აფეთებას და ქვების დამზადებას არ დაიწყებდნენ.

„ყველამ იცის, რომ ამ ქვების აფეთქების მიზეზით არ მოგვეწოდება წყალი. ორი კვირაა წყაროს ვეზიდებით. ქობულეთის მერი დაგვპირდა, რომ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ არც კომპანია ჩანს, ვინც ქვებს მოიპოვებს და აღარც მერი, მირიან ქათამაძე. ჩვენ გზაზე არავის გავატარებთ, თუკი ყურადღებას არ მოგვაქცევენ,“ – გვითხრა ციალა ტუნაძემ.

„წყლის რესურსის შემცირება წიაღისეულის მოპოვებას არ უკავშირდება, მაგრამ სამუშაოები შეჩერდა,“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ. იგი ქვების მომპოვებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედრია. ქობულეთის მერი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში კვირიკეში მოსახლეობას წყალი ექნება, რადგან ახალი ჭაბურღილები შენდება.

დარჩა თუ არა სოფელი კვირიკე უწყლოდ ქვების მოპოვების გამო? – ქობულეთის მერი ამბობს, რომ არა და ამის დასტურია სხვა სოფლები, სადაც ასევე შემცირებულია სასმელი წყლის რესურსი.

„არსებობს სოფლები, სადაც ზაფხულში ასევე შემცირებულია სასმელი წყლის რესურსი. ჩვენ უახლოეს დღეებში ამ პრობლემას მოვაგვარებთ… ააიპ „სოფლის წყლის“ სპეციალისტებმა შეისწავლეს ვითარება და დადეს დასკვნა, რომ მოპოვებითი სამუშაოები არ უკავშირდება წყლის შემცირებას. შესაძლებელია, უფრო ვრცელი კვლევის ჩატარება და ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ჯერ არ ვიცი, ვინ დააფინანსებს ამ კვლევას, მუნიციპალიტეტი თუ კომპანია, რომელიც წიაღისეულს სოფელ კვირიკეში მოიპოვებს,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

თუკი ქვების მოპოვების გამო არ შეწყვეტილა სოფელში წყალი, რის გამო შეჩერდა სამუშაოები? – ქობულეთის მერი ამბობს, რომ „ეს არ არის მერიის კომპეტენცია, სრულად ფლობდეს ინფორმაციას დაცული არის თუ არა კონკრეტული სალიცენზიო პირობა. მოპოვებითი სამუშაოს პროცესი გაგრძელდება, თუკი სალიცენზიო და დამატებით სამართლებრივი მოთხოვნები დაცული იქნება, მაგრამ ამ პერიოდში კომპანიის წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ და დაელაპარაკონ მოსახლეობას. მე ვურჩიე ეს კომპანიებს, რადგან მოსახლეობის ნაწილი გამოხატავს პროტესტს“.

ქობულეთის მერმა არ დაგვისახელა კომპანია, რომელიც სამშენებლო ქვებს მოიპოვებს კვირიკეში. მოსახლეობის თქმით, წიაღისეულს სოფლიდან კომპანია „ორბი“ ეზიდება.

კომპანია „ორბში“ გვითხრეს, რომ მათ წიაღისეული მომპოვებელ კომპანიასთან – „ინერტული მასალების კომპანია“ მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, მომსახურების ვადა გავიდა და გადაზიდვას „ორბი ბეტონი“ აღარ ახორციელებს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: