მთავარი,სიახლეები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა

04.05.2018 • 2937
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა

მესამე დღეა საამქროს მუშები გაფიცულნი არიან,  ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ კომპანია რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებს, თუმცა  ხუთი საათის სამუშაოს უნაზღაურებს.

„ბათუმელები“ გაფიცულ მუშებს ესაუბრა. „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვაშენებთ კოტეჯებს მუშებისთვის. გავიფიცეთ იმისთვის, რომ ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ, ედიშერ მუთიძემ.

ედიშერ მუთიძე ამბობს, რომ მათ კომპანიის წარმომადგენლები რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებენ, თუმცა ანაზღაურება შესაბამისი არ არის.

„საქართველოს კანონმდებლობით, არსებობს რვასაათიანი სამუშაო. ეს კანონი დარღვეულია, თუმცა პრობლემაა ის, რომ ზეგანაკვეთურის ანაზღაურება არ ხდება. ჩვენ რეალურად ხუთი საათის ნაშრომს გვიხდიან. ასეთ პირობებში უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ,“ – ამბობს ედიშერ მუთიძე.

გაფიცული მუშები ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან იყო საუბარი შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, თუმცა არაფერი შეიცვალა.

„ახლა გვეუბნებიან, თუ არ მოგწონთ, წადითო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ მუშაობა და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა,“ – ამბობს მუთიძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტს. გაფიცული მუშები ბათუმში ოპიზრების ქუჩაზე არსებულ საამქროში იმყოფებიან.

„ბათუმელები“ საქართველოს საგზაო დეპარტამენტსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, იციან თუ არა მუშების გაფიცვისა და მათი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ. დეპარტამენტში გვითხრეს, რომ  ისინი დამსაქმებლისა და მუშების ურთიერთობაში ვერ ჩაერევიან: „კონტრაქტორი კომპანია ჩვენ არ გვითანხმებს ვის ქირაობს და რამდენს, რა ხელშეკრულებას უფორმებს. მას უბრალოდ ვალდებულება აქვს, შეასრულოს სამუშაო“.

გაფიცული მუშების თქმით, კონტრაქტორი კომპანია არის „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი“.  „ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანიას, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მათ კომენტარი არ გააკეთეს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა, მათი შრომითი უფლებების დარღვევის გამო, გაიფიცა.
ფოტო: როინ გუნდაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: