მთავარი,სიახლეები

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ჩვილის ცხედარი – რა დაადგინა გამოძიებამ

04.05.2018 • 7070
სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ჩვილის ცხედარი – რა დაადგინა გამოძიებამ

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ახალშობილის ცხედარი პლაჟზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალშობილი ხელვაჩაურში, ქურდობა დღისით თვითმხილველების თვალწინ – „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა დაადგინა გამოძიებამ ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, რაც ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში მოხდა.

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. გამოძიება განმარტავდა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ გამოძიებას ამ საქმეზე მხილებული პირი არ ჰყავს. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – გვპასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც არ აკონკრეტებენ რა ეტაპზეა გამოძიება.

ახალშობილის ცხედარი პლაჟზე ზღვამ 10 მარტს გამორიყა. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც ჰქონდა მოჭერილი. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული,“ – უთხრეს იმ დღეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში. იმ დღეს გამოძიებაც დაიწყო სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის გოგონას განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ამ საქმეზე არ დასრულებულა.

გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელშიც იპოვეს პოლიციელებმა. „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის თანახმად, 20 წლის სტუდენტმა გოგომ სახლში, მალულად იმშობიარა. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილი პოლიციას სახლში გარდაცვლილი დახვდა. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – მოგვწერეს ამ საქმეზეც შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ საქმის გამოძიება სამი თვის წინ, თებერვალში დაიწყო. გამოძიება უკანონო აბორტის მუხლით მიმდინარეობს.

ერთი კვირის წინ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, დღისით, თვითმხილველების თვალწინ საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ამ შემთხვევამ ყურადღება მიიქცია იმით, რომ ქურდობას რამდენიმე თვითმხილველის ჰყავს, გამოძიებას კი ამ დრომდე არავინ დაუკითხავს დაზარალებული ქალის გარდა.

ქურდობის შემთხვევები შსს-ს სტატისტიკითაც გაზრდილია.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულები აწყდებიან, არის არაეფექტური გამოძიება,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული „სწრაფი და ეფექტური გამოძიების“ უზრუნველსაყოფად სპეციალური მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.

„ეფექტიანი გამოძიება  განამტკიცებს საზოგადოების რწმენას, რომ ხელისუფლებას ძალუძს უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, ხოლო როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სახელმწიფო ვერ ახდენს რეაგირებას, საზოგადოებაში ჩნდება ნიჰილისტური განწყობები სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყნის განვითარებაზე ახდენს უარყოფით გავლენას.

ეფექტიანი გამოძიების მექანიზმების შემუშავების რეკომენდაციით წლებია მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ ცვლილებები არ არის დამაკმაყოფილებელი. გამოუძიებელი საქმეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ  რეფორმა საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ დონეზე გარდაუვალი საჭიროებაა,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: