კომპანია, რომელმაც სტადიონის ზედამხედველობაზე ტენდერი მოიგო, ზეწოლაზე საუბრობს 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივლა. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ განცხადებით, „სტადიონის“ ქმედება ზიანს აყენებს სახელმწიფოსა და ბიუჯეტს, უსაფუძვლოდ არღვევს მათთვის კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლიანი კონკურენციის პირობებს“. შპს „სტადიონის“ 100%-იან წილს აჭარის მთავრობა ფლობს.

შპს „სტადიონმა“, რომელიც უკვე მეხუთე თვეა საფეხბურთო სტადიონს ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებს, მიმდინარე წლის 11 აპრილს შესაბამის ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა – „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“. მეტიც, ეს კომპანია შპს „სტადიონმა“ ხელშეკრულების გასაფორმებლადაც მიიწვია. თუმცა, 30 აპრილს ტენდერი ისევ შერჩევა-შეფასების ეტაპზე დააბრუნა.

„კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ საჩივრიდან:

„2018 წლის 16 აპრილს შპს „სტადიონს“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს პირებმა, რომლებიც არ იყვნენ პრეტენდენტები და, შესაბამისად, არც დაინტერესებული მხარე. შპს „სტადიონმა“ საჩივრის ავტორებს უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ.

ამის მიუხედავად, შემსყიდველს გაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კორესპონდენცია და აშკარა ინსტიტუციური ზეწოლის ნიშნებით შემსყიდველმა ბათილად ცნო ყველა განვლილი პროცედურა – შესაბამისი 3 ოქმი, ხოლო 2 ოქმი ძალაში დატოვა.

ჩვენს მიერ სადავოდ მიჩნეულ ოქმში სატენდერო კომისიის მსჯელობის მთავარი ქვაკუთხედი არის ის, იყო თუ არა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის 2012 წლის 9 ნოემბერს გაცემული სერტიფიკატი პროექტის მენეჯერისათვის განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განვმარტავთ და დავების საბჭოზე წარმოვადგენთ სათანადო დოკუმენტაციას:

  • შემსყიდველის მიერ ეგრეთ წოდებული გადამოწმება არის მიზანმიმართული შეცდომა / ბუნდოვანება, ვინაიდან იურისპრუდენციაში ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მთავარია მისი შინაარსი და არა ფორმა ან სათაური. შემსყიდველის მიერ ამ საკითხის ხელახლა განხილვა მაშინ, როდესაც გამარჯვებული პრეტენდენტი მიწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად, ბადებს ზეწოლისა და ტენდერის ხელოვნურად, მიზანმმიმართულად შეწყვეტის განზრახვის ეჭვს.
  • გაცემული სერტიფიკატი შინაარსობრივად არის სატენდერო მოთხოვნის ექვივალენტური, რაზედაც კომისიას არ უმსჯელია [რასაც დავასაბუთებთ სხდომაზე დოკუმენტურად]. საჩივრის ზეპირი განხილვის სტადიაზე წარმოვადგენთ შესაბამის მტკიცებულებას, რომელიც გააბათილებს შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიის მიერ არასრულად და მიკერძოებულად გამოკვლეულ გარემოებას“.

„სტადიონის“ სადავო ოქმის შედეგად ვიღებთ შემდეგს: საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვას [თუ-კი არსებობს კონკურენტი, რომელსაც უფრო მაღალი ფასი აქვს შეთავაზებული] ან ტენდერის შეწყვეტას, რაც თავის მხრივ, აღარ საჩივრდება. ორივე შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საზიანო შედეგი: ბათუმში სტადიონის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მშენებლობის ზედამხედველობა კი არ ხორციელდება. სახეზეა სხვადასხვა გზებით მავანთა მხრიდან არასახელმწიფოებრივი შედეგის მიღება, იმ ფონზე როდესაც სტადიონის მშენებლობის ფაზა დაწყებულია!“ – აცხადებს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“.

კომპანია აცხადებს, რომ ტენდერში მათ მიერ წარდგენილი სარეკომენდაციო წერილების ავტორებთან „დღემდე მიმდინარეობს პირდაპირი ზეწოლა და ზეგავლენა. სამწუხაროდ, შპს „სტადიონმა“ ამ გამოწვევას ვერ გაუძლო!“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“. კომპანიაში გვითხრეს, რომ დამატებით კომენტარებს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში ჩანიშნული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

„ასევე საყურადღებოა თვით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ქმედება, რაც ასევე აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ სატენდერო პროცედურაში დაინტერესებული მხარე(ებ)ის ჩარევა, რაზედაც ბუნებრივი სამართლებრივი რეაგირება გვექნება, რაც გამოიხატება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ზემდგომის, საქართველოს მთავრობის წინაშე გამოვხატოთ პროტესტი და გამოვიყენოთ ყველა შესაძლო სამართლებრივი გზა საერთაშორისო კომპანიის სახელით“, – აღნიშნულია საჩივარში.

შპს „სტადიონის“ მიერ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერი ადრეც რამდენჯერმე გაასაჩივრეს.

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, როგორც მათ მიერ მიღებული ოქმებიდან ჩანდა, შეისწავლა ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ყველა დოკუმენტი და ეს კომპანია მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად. მომსახურებისთვის ყველაზე დაბალი თანხა – 2 მილიონ 847 ათას ლარი – სწორედ „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მიღებული რეკომენდაციით კი, კომისიამ მის მიერ ადრე მიღებული ოქმები გააუქმა და სატენდერო პროცედურები შერჩევის ეტაპზე დააბრუნა.

ამავე თემაზე:

ბათუმის სტადიონს ოთხი თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე აშენებენ – ტენდერი შერჩევის ეტაპზე დაბრუნდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com