ძალადობის დროს ქალს და სხვებსაც პოლიციის გამოძახება ჩუმად, SOS ღილაკით შეუძლიათ, 112-ზე დარეკვის გარეშე

იმისთვის, რომ 112-ს ანუ გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდეთ, ტელეფონზე დარეკვა საჭირო აღარ არის. 112-ს მობილური აპლიკაცია აქვს, რაც საშუალებას იძლევა, ყოველგვარი საუბრის გარეშე, SOS ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, პოლიცია გამოიძახოთ.

112-ის მობილური აპლიკაცია ბათუმში ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ერთ-ერთმა დაზარალებულმა გამოიყენა. დაზარალებულის ახლობელი „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ ქალმა პოლიციის გამოძახება ტელეფონზე დალაპარაკების გარეშე შეძლო.

„112-ის მობილური აპლიკაცია არის ეფექტური კომუნიკაციის საშუალება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შესთავაზა 112-მა საზოგადოებას. მობილური აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც ახალი თაობის მობილური ტელეფონი აქვს,“ – ამბობს მაია გიორგაძე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

მობილური აპლიკაციის გადმოწერა play store-დან არის შესაძლებელი. აპლიკაციის სახელწოდებაა 112 Georgia. რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ პირადი მონაცემის და საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანა, რომელსაც მობილურ ტელეფონზე მიიღებთ. აპლიკაციას აქვს SOS ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ თითის დაჭერით შევა 112-ში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ დახმარება გჭირდებათ. მობილურ ტელეფონში ამ დროს გააქტიურებული უნდა იყოს GPS სისტემა, რომ პოლიციელებმა თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

„თუკი GPS გააქტიურებული არ არის, აპლიკაცია შეგეკითხებათ, გსურთ თუ არა მისი გააქტიურება. ამისთვის დამატებით რამდენიმე წამი დაიკარგება, თუ GPS გააქტიურებული არ არის, ადგილსამყოფელი ვერ დადგინდება. 112-ის მობილური აპლიკაციის კიდევ ერთი ფუნქციაა ჩათი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მისწეროს 112-ის ოპერატორს. მნიშვნელოვანია, რომ მობილურ ტელეფონში ინტერნეტი რომ არ იყოს ჩართული, შეტყობინება მაინც მივა 112-ის ოპერატორთან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით,“ – განმარტავს მაია გიორგაძე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

112-ის მობილური აპლიკაციით ასევე შესაძლებელია სატელეფონო ზარის განხორციელება. მაია გიორგაძის თქმით, ეს ზარი სტანდარტული სატელეფონო ზარისგან განსხვავდება იმით, რომ 112-ის ოპერატორი დამატებით კითხვებს თქვენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით აღარ დაგისვამთ, თუკი მობილურში GPS სისტემა გააქტიურებულია.

მობილური აპლიკაციის ეს სერვისი მიმდინარე წლის თებერვალში ამოქმედდა. 112-ში გვითხრეს, რომ ამ დრომდე დაახლოებით 12 ათასმა პირმა ჩამოტვირთა აპლიკაცია.

რამდენმა პირმა გამოიყენა 112-ის მობილური აპლიკაცია და რომელ დანაშაულებზე გამოიყენეს ძირითადად მოქალაქეებმა უხმოდ პოლიციისთვის მიმართვის სერვისი – შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მონაცემების მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

„იყენებენ, მაგრამ უფრო მეტ დაინტერესებას და აქტიურობას ვისურვებდი,“ – დასძენს მაია გიორგაძე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი