მთავარი,სიახლეები

შინაპატიმრობაში მყოფი ახალგორელი აქტივისტის მიმართვა

03.05.2018 • 1973
შინაპატიმრობაში მყოფი ახალგორელი აქტივისტის მიმართვა

ცხინვალელმა მოსამართლემ, ფატიმა პარაესტაევამ დღეს, 3 მაისს, გადაწყვეტილება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი სტრუქტურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში ადანაშაულებდა.

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ვიდეომიმართვა ბათუმში გამართულ მედიაკონფერენციაზე მოისმინეს. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოაწყო. „ბათუმელები“ თამარ მეარაყიშვილის გამოსვლის ჩანაწერს გთავაზობთ:

„სამხრეთ ოსეთში არ არსებობს თავისუფალი მედია. არსებობს მხოლოდ მედია, რომელსაც ხელისუფლება აფინანსებს და აკონტროლებს. ერთადერთი გამონაკლისია რადიო „თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“, რომელიც აძლევს საშუალებას მკითხველს და მსმენელს, გაიგოს ის, რასაც ხელისუფლება უმალავს ხალხს. პრობლემებიც შესაბამისია.

ცხინვალში არა მარტო ჟურნალისტები აწყდებიან პრობლემებსა და წინააღმდეგობებს, არამედ რესპონდენტებიც, მაგალითად, მე ამჟამად მაქვს სასამართლო დავა და ჩემ წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დევნა, როგორც „ეხო კავკაზას“ მუდმივი რესპონდენტის მიმართ. ხელისუფლება ამ გზით ცდილობს ჩემზე, როგორც რესპონდენტზე, მოახდინოს ზეწოლა. პროკურატურისგანაც ეს ფრაზები ისმის გამუდმებით, როდის დაანებებ შენ თავს განცხადებების გაკეთებას  და ინტერვიუების მიცემას. არც ერთი საქმე, რაც ამ რადიოსთან თანამშრომლობის შემდეგ აღიძრა, პროკურატურას არ გამოუძიებია. ეს საქმეები გაყინულია.

ცოტა ხნის წინ ცხინვალში ერთ-ერთ ჟურნალისტს – ირინა ქელეხსაიას შეექმნა პრობლემა, უხეში ჩარევა იყო მის ჟურნალისტურ საქმიანობაში. მან პრეზიდენტ ბიბილოვთან დაკავშირებით დაწერა არასასიამოვნო ინფორმაცია და მეორე დღეს მისი სამსახურიდან დათხოვნა მოსთხოვა პრეზიდენტმა ირინას ხელმძღვანელს. რედაქტორმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, შემდეგ ჩხრეკა ჩაატარეს ირინას ბინაში.

მე ვფიქრობ, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით ნამდვილად არის ქართული მედია სოლიდარული. ჩემი დაკვირვებით, მედია შესაძლოა ცდილობდეს, რომ პირველმა გადასცეს ამბავი, რომელიც რეზონანსს გამოიწვევს, მაგრამ მედია სოლიდარულია. ამ სოლიდარობის დამსახურებაა, რომ მე არ ვარ მარტო.

ომიდან თითქმის ათი წელი გავიდა და არ დარჩა მედია, ვისთანაც არ მქონია ურთიერთობა. შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მედია ახლა უფრო იცავს აქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას, ვიდრე 2008-2009 წლებში. ხშირად შევხვედრივარ ფაქტებს, როცა ტელევიზიები რესპონდენტისგან ითხოვდნენ ისეთი პასუხის გაცემას, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ჟურნალისტები ცდილობდნენ, რომ უფრო დაძაბულად წარმოეჩინათ რეალობა.

ახლა ასე არ ხდება, სახეს უფარავენ რესპონდენტს, თუკი ეს მისი სურვილია, არ ხდება რესპონდენტების გამჟღავნება. ანონიმურად მეც ვთანამშრომლობდი ჟურნალისტებთან და გაუმჟღავნებიათ ჩემი ვინაობაც. აუცილებელია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ყოფით პრობლემებს და ისეთ პრობლემებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება.

მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ჟურნალისტებმა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ  ადამიანებს, მეტი დრო უდნა დაეთმოს კონფლიქტების გაშუქებას, მეტი ანალიზი უნდა იყოს, მეტი ფიქრი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ თანდათან ესეც იქნება. კარგი იქნება, უფრო მეტი ურთიერთობა აქაურ კოლეგებთან, ვგულისხმობ ცხინვალელ კოლეგებს, ვინც არის თავისუფალი მედიის წარმომადგენელი.

მე ყველას გიხდით მადლობას და ყველას მოგესალმებით. მადლობა იმისთვის, რომ ჩემ მიმართ ამ თვეების მანძილზე არის დაუღალავი ყურადღება. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ამას ვერ შევძლებდი.“

2018 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაეროს პრიზზე ადამიანის უფლებათა სფეროში და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზზე წარადგინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: