ცისნამი – შიშთან ბრძოლაში გამარჯვებული გოგო ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

გუშინ, 2 მაისს, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ ზაზა ხალვაშის ფილმის – „ნამეს“ ჩვენება დასრულდა. რეჟისორი ფილმზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, მასვე ეკუთვნის ფილმის სცენარიც. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გადაიღეს და საქართველო-ლიტვის ერთობლივი ნამუშევარია.

„ნამე“ გასულ წელს ტოკიოს 30-ე კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში აჩვენეს. მთავარ როლს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, მარისკა დიასამიძე ასრულებს. ასევე მონაწილეობენ ხულოს დრამატული თეატრის მსახიობები: ედნარ ბოლქვაძე, როინ სურმანიძე, თეა ქამადაძე, ლაშა აბულაძე და რამაზ ბოლქვაძე.

მაღალმთიანი აჭარის სოფელში ახალგაზრდა ცისნამი, იგივე ნამე, მოხუც მამასთან ერთად ცხოვრობს. მოხუცი სოფლის მკურნალია – ფილმში შემთხვევითი არ არის გოგოს სახელი – ცისნამი, ის სოფლის მცხოვრებლებს წყლით მკურნალობს. ყველას სჯერა, რომ გოგოს ზებუნებრივი ძალა აქვს.

მოხუცი მამა დარწმუნებულია, რომ სწორედ ნამემ უნდა გააგრძელოს ოჯახში მკურნალობის ტრადიციები, ამისთვის კი მსხვერლია საჭირო: გოგო მთელი ცხოვრება მარტო უნდა იყოს. „სხვანაირი ხარ, თავიდან გაგიჭირდება, თევზიც მარტოა ამდენი ხანია და ძლებს, ასეა ადამიანიც, შეეგუები“, – ამბობს მოხუცი მამა შვილის გასამხნევებლად. ნამესავით მარტო მყოფი ცოცხალი თევზი მკურნალობის ზებუნებრივი რიტუალის ნაწილია.

ნამეს სამი ძმა ჰყავს: ქრისტიანი მღვდელი, მუსლიმი მოლა და ათეისტი მასწავლებელი. ყველა ურყევადაა დარწმუნებული საკუთარ ჭეშმარიტებაში. ქრისტიანი მღვდელი ეკლესიას აშენებს, მოლა – მეჩეთს, მასწავლებელი დროს ძირითადად სკოლაში ატარებს – სამივეს სხვადასხვა სიმართლე და პრინციპები აქვს.

ცალ-ცალკე სამივე უზენაეს ღირებულებებს ქადაგებს, თუმცა რეალურად ვერცერთი ჭეშმარიტება ვერ ათავისუფლებს ძმებს – სინამდვილეში ერთმანეთთან ურთიერთობაც კი უჭირთ. საკუთარი პრინციპები მათთვის სიმბოლურ ციხეებადაა ქცეული, სადაც თითოეული მათგანი უნდა გამოიკეტოს: ქრისტიანი მღვდელი ეკლესიას აშენებს ცალკე, მოლა – მეჩეთს, ათეისტი დროს სულ სკოლაში ატარებს. ყველა საკუთარ ნაჭუჭშია გამოკეტილი. ფილმის მსვლელობისას სულ გაკლია ადამიანური ურთიერთობების ფეიერვერკი, რაც არა და არ ჩნდება არც ერთ კადრში.

კადრი ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

ყველა მარტოა. ყველა ცალ-ცალკეა. ყველა მტკიცებით ფორმაში საუბრობს. ყველა სერიოზული და მოწყენილია. ყველას მხოლოდ საკუთარი თავის სჯერა. თუმცა ძმებს  მამასთან შეკრებისას ერთხელ მაინც გამოსდით სამ ხმაში ერთად სიმღერა. სხვა მუსიკა, მელოდია ან მცირე მუსიკალური აქცენტებიც კი ფილმში იშვიათად ჟღერს. ისმის მხოლოდ გარემოს ხმები: წვიმის, ქარის, თოვლის და ყველაფრის, რისი ხმაც ადამიანების მარტოობისას შეიძლება გაიგონოთ: წყლის დასხმის, კარის ჭრიალის, ნაბიჯების ჩქამი.

ადამიანების დუმილი და მუსიკის ნაკლებობა საშუალებას გაძლევს, თითოეული კადრი ფოტოებად აღიქვა და ამბავი ქმედებებში დაინახო. „ნამეში“ ვერ ნახავთ სიუჟეტის დინამიურ განვითარებას, ფილმი ადამიანების სტატიკურ, სევდიან მდგომარეობაზე გიამბობთ, რაც ლოგიკური შედეგია ფიქრისა და განსჯისგან დაცლილი გარემოსთვის, სადაც ყველას მხოლოდ საკუთარი სიმართლის სჯერა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც ყველაფერში დაეჭვებულია და კითხვებს სვამს, ნამეა. მას არწმუნებენ, მაგრამ თავად არ ესმის, რატომ არის „სხვა“. ისიც იცის, რომ სინამდვილეში ადამიანებს, უბრალოდ, სჯერათ წყლით მკურნალობის, სინამდვილეში შესაძლოა ყველა თავს იტყუებს. ამავე კითხვას უსვამს ღვთისმსახურ ძმასაც სამლოცველოში. „აქ მოსულიც თავს იტყუებს?“ – პასუხი, რა თქმა უნდა, არ ჩანს.

ნამეს ცხოვრება სჭირდება, ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ. სოფლიდან რაიონში ჩადის. პომადას, თვალის ჩრდილებს ათვალიერებს, თუმცა ყიდვას ვერ ბედავს. არ სურს „სხვად” ყოფნა, ჩვეულებრივი გოგოობა ურჩევნია.

სიმბოლურია ფილმის ერთ-ერთი სცენა, სადაც სოფლის შარაგზა ორად იყოფა, ერთ გზას  სოფლის მცხოვრებლები მიუყვებიან ჯგუფად სიმღერ- სიმღერით, პარალელურად მეორე გზას მიუყვება მარტო ნამე. სოფლის მხიარულებაში ის არ ერევა, ნამე მაინც „სხვაა“, რადგან მთელი სოფელი ასე ამბობს, რომ „სხვაა“.

ასე ამბობენ ოჯახის წევრებიც, ყველას მის ირგვლივ გადაწყვეტილი აქვს ვინ არის და როგორი უნდა იყოს ნამე. მხოლოდ თვითონ მიიჩნევს, რომ ჩვეულებრივი გოგოა. ჩვეულებრივად გაიცნობს მერაბსაც. „სხვად“ ყოფნის წესებს არღვევს და მერაბს ხვდება. თუმცა მათ შეხვედრებში მხოლოდ  შიში, სირცხვილი და გაურკვევლობა ჩანს.

კადრი ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

მერაბისგან დაბრუნებული ნამე თევზს, რომლის გარეშეც მკურნალობა ძალას კარგავს, ტბაში უშვებს. ამ თევზს ოჯახში დიდხანს, რუდუნებით უვლიდნენ. თევზის გათავისუფლებით ნამე უარს ამბობს ილუზიებზე, თავსმოხვეულ შეხედულებებზე და ერთადერთი პერსონაჟია ფილმში, ვისაც გაბატონებული წესებისგან გათავისუფლების ძალა აქვს. ნამემ იცის, რომ გათავისუფლების გზა მარტივი არ იქნება და თევზის გაშვებისას თავს შელოცვით შველის:

„ავმა სულმა შეგაშინა,

რა სულმა შეგაშინა,

რა ადამიანმა შეგაშინა,

ყველა მის გზას მიდიოდა,

შენ რა გაშინებდა”

რა ბედი ელის ასეთ ქალს, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას, რა იქნება ნამეს ახალი გზა – ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის ის, რომ არ მთავრდება იქ, სადაც მთავრდება და წარმოსახვისთვის დიდ სივრცეს, უამრავ კითხვას ტოვებს. პასუხი კი ყველას საკუთარი შეიძლება ჰქონდეს.

კადრი ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან