5 000 ლარით დაჯარიმდება მედია, რომელიც მოწევის მავნებლობის ამსახველ პიქტოგრამას არ გამოიყენებს

„მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“,  „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“ – მსგავს მესიჯებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის ან ხორხის კიბოთი დაავადებული ადამიანის გამოსახულებასთან ერთად იმ ფილმების, გადაცემების დასაწყისსა და ბოლოს მოისმენთ და ნახავთ, რომლებშიც სიგარეტის მოწევის კადრია ან თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქსესუარი.

2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშების შესახებ.  ბრძანების მიხედვით, პირველი მაისიდან ნებისმიერ ფილმს, გადაცემას ან სხვა ტელეპროდუქტს, რომელშიც ასახულია თამბაქოს მოხმარება ან თამბაქოსთან დაკავშირებული აქსესუარი, თან უნდა ერთვოდეს პიქტოგრამა და ხმოვანი მესიჯი.

ამავე თემაზე: პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის ჩვენებას უნდა ერთვოდეს 

როგორ უნდა განთავსდეს პიქტოგრამა და რას ითვალისწინებს ჯარიმა? – ამის შესახებ ჩვენს  შეკითხვებს უპასუხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ და თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტმა, მარიამ თაყაიშვილმა.

ქალბატონო ლელა, ყველა ტელეპროდუქტზე ვრცელდება ეს კანონი? შეეხება თუ არა ეს, მაგალითად, ძველ ფილმებს და გადაცემებს, რომლებსაც აჩვენებენ ტელევიზიით?  

დიახ, ყველაზე, სადაც თამბაქოს ნაწარმი ჩანს. ნებისმიერზე, ქართულზე, უცხოურზე – არა აქვს მნიშვნელობა.

რომ დავაზუსტოთ, მაგალითად, გადის ფილმი, სიგარეტის მოწევის ეპიზოდში გამოჩნდება პიქტოგრამა და ხმოვანი შეტყობინება?

არა, ეს მოხდება ფილმის დასაწყისსა და ბოლოში. ფილმის მსვლელობისას არანაირი ჩარევა არ ხდება.

ვინც არ დაიცავს ამ წესს, დაჯარიმდება?

დიახ, ჯარიმა ვრცელდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია გაწერილი. ჯარიმა 5 000 ლარია.

მარიამ თაყაიშვილი, თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტი: 

ბეჭდურ მასალებში, სადაც ილუსტრირებულია თამბაქოს ნაწარმი; თამბაქოსთვის განკუთვნილი მოწყობილობა, მაგალითად, ელექტროსიგარეტი, ან რაიმე სხვა სახის მოწყობილობა, ან აქსესუარი, ასევე, უნდა ჩაიდოს ბეჭდვითი პიქტოგრამა, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით, მეორე დანართით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ათასი ლარის ოდენობით. ეს ეხება მასობრივ წარმოდგენებს, თეატრს, სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, მაგრამ ეს ვრცელდება მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელშიც უშუალოდ ხდება დემონსტრირება თამბაქოს ნაწარმის.

ანუ მაშინ, როცა საქმე ეხება ვიზუალურ მასალას, გამოსახულებას?

დიახ, ასეა. ფილმს თუ ავიღებთ, არა ყველა ფილმის წინ მოხდება ამ პიქტოგრამის განთავსება, არამედ კონკრეტულად იმ ფილმებში, რომლებშიც დემონსტრირება ხდება თამბაქოს ნაწარმის.

თუმცა ძნელია გაიხსენო ფილმი, რომელშიც არ არის მოწევის კადრი…

ლელა სტურუა:  თანამედროვე ფილმებში, ფაქტობრივად, არ არის მოწევა. არა უშავს, თავიდან გაუშვებენ და შემდეგ თანდათან შემცირდება ასეთი ფილმები.

ვინ გააკონტროლებს კანონის აღსრულებას?

ამ მუხლის აღსრულება ევალება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ეს პირდაპირაა ჩაწერილი კანონში.

ისე გამოდის, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შეიძლება იყოს ფილმში ნაჩვენები და ამაზე ცენზურა არ გავრცელდება, მაგრამ ცენზურა გავრცელდება სიგარეტზე…

ამ ეტაპზე სიგარეტზე ვრცელდება. მაგრამ ეს რომ „ასე გამოდის“ და თითქოს ჩვენ რაიმეს ვახალისებთ ამით, ასე არ არის. პირველ ეტაპზე თამბაქოა, შემდეგ ეტაპზე შეიძლება ალკოჰოლიც იყოს, ნარკოტიკი და ა.შ.

______________________

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ვინ დააჯარიმებს სიგარეტის მწეველებს პირველი მაისიდან 

სად ვეღარ მოწევ სიგარეტს პირველი მაისიდან 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com