მთავარი,სიახლეები

სასჯელი მამამთილს რძალზე ფიზიკური ძალადობისთვის

02.05.2018 • 2231
სასჯელი მამამთილს რძალზე ფიზიკური ძალადობისთვის

მამამთილისგან რძალზე ოჯახში ძალადობის შემთხვევა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ მას მამამთილმა სცემა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ.

„ვაღიარებ დანაშაულს, ეს აღარ განმეორდება,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ნურიელ ზოიძემ. მან ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს პროცესზე არც ერთი მოწმის ჩვენება აღარ მოუსმენია.

ბრალდებულის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდებულის შვილი, ანუ დაზარალებულის ქმარი, ოჯახიდან წავიდა და ის ამას განიცდიდა, ხოლო კონფლიქტი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოხდა. ნურიელ ზოიძის ოჯახი ეკომიგრანტია და სოფელ ზენითში, ყოფილი მეურნეობის შენობაში თვითნებურადაა შესახლებული.

„არც ერთი ყოფითი პრობლემა არ ამართლებს ოჯახის წევრის მიმართ ხელის აღმართვას,“ – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს. მან ვრცლად ისაუბრა ოჯახში ძალადობის შესახებ, როგორც დაუშვებელ მოქმედებაზე.

„არ ჩამითვალოთ, რომ თითქოს ვერევი მე თქვენს ცხოვრებაში… ის ფაქტი, რომ თქვენი შვილი სახლიდან წავიდა, მე ვფიქრობ, რომ ამ დროს რძალს თქვენგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მას არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მსგავსი ქმედება განმეორდება,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

ნურიელ ზოიძეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც პირობით ჩაეთვალა. ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა და ეს შემამსუბუქებელი გარემოებაა.

სასამართლო პროცესს დაზარალებული ქალი – რუსუდან გორგაძე არ დასწრებია. მას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა და მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შესასვლელთან ელოდა.

„არ ვიცი, რა იქნება, ჩვენ ისევ ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვროთ. მე მას არ ველაპარაკები, კონფლიქტი ისევ არსებობს,“ – გვითხრა რუსუდან გორგაძემ. იგი  როგორც ეკომიგრანტი, სახელმწიფოს სთხოვს, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, სადაც საკუთარ შვილებთან ერთად ცალკე იცხოვრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: