ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ორი ქვევრი აღმოაჩინეს

ქობულეთში, სოფელ ჩეხედანაში მცხოვრებმა კობა ხაბაზმა საკუთარი სახლის ეზოში ძველი ქვევრები აღმოაჩინა. ქვევრების სიძველე ჯერ არავის დაუდგენია. თავად კობა ხაბაზი ამბობს, რომ წინა თაობებისგან არაფერი სმენია ეზოში ქვევრების არსებობის შესახებ. ორი ქვევრი ერთმანეთის გვერდიგვერდ კობა ხაბაზმა რამდენიმე დღის წინ იპოვა.

„ეზოს მოპირკეთება გადავწყვიტე და მაშინ აღმოვაჩინეთ ეს ქვევრები,“ – გვიყვება კობა ხაბაზი, – „ნაძვის ძირას მიწა უსწორმასწორო იყო და მისი გასწორება გადავწყვიტე, რადგან ეზო მთლიანად უნდა დამესხა. მიწის ამოთხრის დროს გამოჩნდა ქვევრი… გამოვასუფთავე, ღრმად ამოვთხარე და 10 სანტიმეტრის დაშორებით მეორე ქვევრიც ვიპოვეთ. გადავწყვიტე, ამომეღო და გამესუფთავებინა, მაგრამ იფშვნებოდა. ქვევრის ნაწილში ნაძვის ფესვები იყო წასული… არავისთვის არ მიმიმართავს. ქვევრებს ისევ მიწა დავაყარე“.

კობა ხაბაზის ოჯახი ჩეხედნის ისტორიული მონასტრის ახლოს ცხოვრობს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ისინი ჩეხედანაში აღმოჩენილი ქვევრების სიძველეს შეისწავლიან. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა ცეცხლაძე ამბობს: „ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს, რის გაკეთება იქნება საჭირო. შესაძლებელია, ქვევრების ადგილზე კონსერვაცია მოხდეს.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი