სიახლეები

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს გადაამზადებენ

01.05.2018 • 1837
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს გადაამზადებენ

იმისთვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცენ, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მუშავდება. დღეს, პირველ მაისს, დისკუსია საზოგადოების წარმომადგენლებთან ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლანა მორგოშიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ახალი ელექტრონული პლატფორმა მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუზღუდავად შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდა, რა შეიძლება დაემატოს მთავრობის სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ საჯარო ინფორმაციის მიწოდება საჯარო უწყებების მხრიდან უფრო ეფექტური გახდეს.

„რატომ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას თავად იუსტიციის სამინისტრო?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ დაუსვა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს. მას ვუთხარით, რომ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუღებლობის შემდეგ, ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა დაგვჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაწოდეს ინფორმაცია.

„კონკრეტულად არ ვარ ამ საკითხზე ინფორმირებული და ასე ვერ გიპასუხებთ…. გეტყვით იმას, რომ მუშავდება კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების აქტი“, სავარაუდოდ, ასე ერქმევა ამ კანონს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ შეზღუდვებს საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელი პირებისთვის. ვერ ვიტყვი, რომ მათ დავატრენინგებთ, მოხდება მათი გადამზადება,“ – გვიპასუხა შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ლანა მორგოშიამ.

„ბოლო პერიოდში პრობლემაა ისიც, რომ საჯარო უწყებები, რიგ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ კონკრეტულ ინფორმაციას პერსონალურ ინფორმაციად,“ – თქვა ანნა მდინარაძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

შეხვედრაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაციის რეკომენდაციაა, მთავრობამ გააფართოვოს საკითხების ჩამონათვალი, რომლის პროაქტიულად, ანუ ელექტრონული წესით გამოქვეყნებაც არის სავალდებულო.

დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა GGI ხუთწლიანი პროექტია, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტურობის ამაღლების კუთხით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: