მთავარი,სიახლეები

ყაჩაღობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

01.05.2018 • 2179
ყაჩაღობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

ყაჩაღობაში ბრალდებულ სტეფან გოგაიას დღეს, პირველ მაისს, მოსამართლე ლევან გელოვანმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

საუბარია გასული წლის ივლისში ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ დაყაჩაღებაზე. შენიღბულმა თავდამსხმელმა სადგურიდან 500 ლარი წაიღო.

საქმეში მთავარი მოწმეები დაზარალებულები იყვნენ – ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულებმა თქვეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოუცურდა და მისი სახე დაინახეს.

სასამართლო პროცესზე იმავე დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ მათ თავდამსხმელის სახე არ დაუნახავთ. მოსამართლეს მოწმეებმა განუმარტეს, რომ არ იცოდნენ, რას მოაწერეს ხელი, როცა გამოძიებას მისცეს ჩვენება.

დაზარალებულების ამ ჩვენების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ცრუ ჩვენების კუთხით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად უთხრეს სასამართლოს სიმართლე დაზარალებულებმა.

გამოძიება არ დაწყებულა სამართალდამცავების მხრიდან დაზარალებულებზე შესაძლო ზემოქმედების კუთხით.

სტეფან გოგაია ზუსტად 9 თვე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. ამ ეტაპზე უცნობია, იდავებს თუ არა იგი პროკურატურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ეს პერიოდი ციხეში მოუწია ყოფნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: