გაზრდილ ხელფასს ა[ა]იპ-ის თანამშრომლები ქედაში ამ თვიდან აიღებენ

ქედის ა[ა]იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისის თვიდან აიღებენ. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ა[ა]იპ-ების თანამშრომლების ხელფასი 30-50%-ით არის გაზრდილი.

ქედაში ყველაზე დიდი ა[ა]იპ-ი ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება და კულტურის ცენტრია. ბაღების გაერთიანებაში სულ 201 შტატია, თანამშრომლების ხელფასი აქ 80-250 ლარით გაიზარდა.

ქედის ბაღების გაერთიანებაში 250 ლარით ხელფასი ბაღების გაერთიანების დირექტორს გაეზარდა, ფილიალის ხელმძღვანელებს – 150, აღმზრდელ მასწავლებელს – 100, მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, აღმზრდელ თანაშემწეს, მუსიკის მასწავლებელს, მედდა დიეტოლოგსა და  მზარეულს – 90, მზარეულის თანაშემწეს, დამლაგებელს, ჭურჭლის მრეცხავსა და მეცეცხლურ[დარაჯს] კი – 80 ლარით.

ა[ა]იპ-ი ქედის კულურის ცენტრი, რომელიც ქედის მერიის ბალანსზე არსებულ ა[ა]იპ-ებს შორის საშტატო ერთეულით მეორეა და სადაც 97 საშტატო პოზიციაა, დირექტორის ხელფასი – 100, მოადგილის – 150,  ანსამბლ „ბეთლემის“ წევრების – 80 და ანსამბლ „ელესას“ წევრების – 200 ლარითაა გაზრდილი; სასპორტო სკოლაში ინსტრუქტორების ხელფასი 150, დირექტორისა კი – 100 ლარით გაიზარდა.

ხელფასები 30-50%-ით გაიზარდა ასევე მცირეშტატიან ა[ა]იპ-ებშიც. ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მერიამ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით იმ კუთხით იმუშავა, რომ აჭარის მთიანეთში ერთსა და იმავე ა[ა]იპ-ში დასაქმებულ თანამშრომლებს განსხვავებული ხელფასი არ ჰქონოდა და ერთიანი საშტატო ბაზა ყოფილიყო.

„იმ კუთხით ვმუშაობდით, რომ ხელფასები ერთიან ბადეში მოგვექცია და  ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ სხვა მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ქედაში,“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

ხელფასები არ გაეზრდებათ მერიის ბალანსზე არსებულ შპს-ეს თანამშრომლებს, როლანდ ბერიძის თქმით, რადგანაც შპს-ებში დასაქმებულ თანანშრომლებს მთის კანონი შეეხოთ და მათ საშემოსავლო არ ექვითებათ, ა[ა]იპ-ების თანამშრომლებისგან განსხვავებით მათი ხელფასი შედარებით მაღალი იყო, ამიტომაც პირველ ეტაპზე ა[ა]იპ-ებში გაიზრდება ხელფასი.

ქედაში სულ ხუთი ა[ა]იპ-ი და ხუთი შპს-ეა. ქედის ა[ა]იპებში სულ 362 შტატია. როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ხელფასები ეკონომიების ხარჯზე გაიზარდა, ხელფასების გაზრდისთვის კი ქედის მერიას 300 000 ლარი დასჭირდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი