მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

01.05.2018 • 3085
ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად  უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი.

კირიონ II

დიდი პატივია ასწავლიდე ფიქრსა და აზროვნებას, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაა ასწავლიდე ქართულ ენაზე… მით უფრო საპასუხისმგებლოა ასწავლიდე სკოლაში, რომლის მისიაა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თვითმყოფადი და თავისუფალი ადამიანის აღზრდა… ერთგვარი ტვირთიცაა, რადგან მრავალჭირვარამგამოვლილ ქართულ ენას რუდუნებით დაცვა, გაფრთხილება და მორწყვა სჭირდება…

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში

ძნელია ასეთ გამოწვევას გაუძლო, მაგრამ თუ ერთად შეკრულ, თავის საქმესა და ლიტერატურაზე შეყვარებულ გუნდთან ერთად გიწევს ,,სვეტად“ დაუდგე საკუთარ ,,ტაძარს“, მაშინ შეუძლებელი არაფერია; მაშინ კიდევ უფრო გაბედული და მოტივირებული ცდილობ, აზიარო მომავალი თაობა ადამიანურ ფასეულობებს, ცდილობ, ცნობისმოყვარეობა და ახლის შემეცნების სურვილი გაუღვივო შენს მოსწავლეებს, ასწავლო და კიდევ უფრო მეტი ისწავლო მათგან…

უკვე მრავალი წელია ჩვენი სკოლა აპრილში მასშტაბურად აღნიშნავს ქართული ენის დღეებს. წელს ეს დღეები 14 აპრილს გაიხსნა და თვის ბოლომდე გაგრძელდა; უამრავი საინტერესო და კრეატიული პროექტი განხორციელდა მოსწავლეთა ჩართულობით; არ დარჩენილა არც ერთი მოსწავლე, კლასი თუ პედაგოგი, რომელსაც რაიმე ფორმით არ მიეღო მონაწილეობა ამ ღონისძიებებში; წელს კვირეული ილია ჭავჭავაძეს მიეძღვნა და საკმაოდ შთამბეჭდავად გაიხსნა.

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში

ყველას ჰქონდა საშუალება მოკრძალებით ჩაევლო ილიას სამუშაო კაბინეტთან, უშუალოდ შეხვედროდა მისი მოთხრობების გმირებს; მოესმინა მის ლექსებზე აჟღერებული მუსიკა და კიდევ ერთხელ ანთებულიყო მამულზე ფიქრით… ორი კვირის განმავლობაში უამრავი აქტივობა განხორციელდა: ჩატარდა პოეზიის საღამო, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“, განხორციელდა საოცრად კრეატიული პროექტები: სოციალური რეკლამები, ,,დამწვარი სახლის წინ“, მოეწყო სპეციალური აქცია-პრეზენტაცია: ,,არა ბარბარიზმებს“, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა პროექტს ,,წერილები რუსთაველს 21-ე საუკუნიდან“, სკოლის მასშტაბით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი ,  ჩატარდა ღია გაკვეთილები; ქართული ენის დღეები დასრულდა ნიაზ ზოსიძის წიგნის- ,,ნეტაი ადრე მოსულიყავი“ პრეზენტაციით. წიგნის ავტორთან შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, უემოციოდ არ ჩაუვლია.

კვირეულის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროექტში წარმატებული და გამარჯვებული მოსწავლეები…

მადლობა თითოეულ მოსწავლეს საინტერესო დღეებისათვის, ინიციატივებისათვის, იდეებისათვის, ქართული ენის სიყვარულისათვის… ჩვენთვის საკმარისია თქვენი ანთებული, ცნობისმოყვარე თვალები, რათა თქვენთან ერთად ისევ ვიდგეთ ქართული ენის სადარაჯოზე, ვიდგეთ, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ისმოდეს ძარღვიანი, მდიდარი, ძირძველი ქართული ენის საგალობელი!

ნანი ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში

ქართული ენის დღეები სკოლა ევრო-2000-ში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: