მთავარი,სიახლეები

როგორ იბრძოდა მსოფლიო 8-საათიანი სამუშაო დღისთვის

01.05.2018 • 3543
როგორ იბრძოდა მსოფლიო 8-საათიანი სამუშაო დღისთვის

პირველ მაისს მსოფლიოში მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში დაკანონებული რვასაათიანი სამუშაო დღე მუშათა დიდი ხნის წინანდელი გაფიცვებისა და პროტესტის შედეგია, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა მშრომელები პირველად დაფიქრდნენ საკუთარ შრომით უფლებებზე და 11, 13-საათიანი სამუშაო გრაფიკის შეუსაბამობაზე ადამიანისთვის.

თავიდან ყველაფერი ამერიკაში დაიწყო, როცა პროფკავშირებში გაერთიანებულმა მშრომელებმა 1865 წელს დღეში 11 და 13-საათიანი სამუშაო გრაფიკი გააპროტესტეს და 8-საათიანი სამუშაო დღე მოითხოვეს. 1860 წლამდე ამერიკულ საწარმოებში სამუშაო დრო დღეში საშუალოდ 11-13 საათი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნა ხელისუფლებას მაშინვე არ დაუკმაყოფილებია და მუშათა პროტესტის შედეგად სამუშაო დრო მხოლოდ 10 საათამდე შემცირდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 1886 წლის პირველ მაისს, 11 000 ამერიკული საწარმოს თითქმის 400 000 მუშა გაიფიცა. დემონსტრაციის მონაწილეთა ნახევარმა მოიპოვა რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის უფლება, თუმცა შრომითი უფლებების გაუმჯობესებას პირდაპირი მნიშვნელობით შეეწირა ადამიანების სიცოცხლე. ჩიკაგოში გამართული აქციების დროს, პოლიციის მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა ჭურვები დაუშინეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის შედეგადაც შვიდი სამართალდამცავი დაიღუპა. დააპატიმრეს მუშათა მოძრაობის ლიდერები და მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ამ საქმეში მათი ბრალი არ იკვეთებოდა, ყველა მათგანი ჩამოახრჩვეს. სისხლიანმა პროცესებმა დროებით შეაჩერა აქციები.

მუშათა გამოსვლები ნიუ-იორკში./„Frank Leslie’s Illustrated Newspaper“-ის 1882 სექტემბრის ნომრის ილუსტრაცია.

1888 წელს კი სენტ-ლუისში განახლდა საპროტესტო გამოსვლები კვლავ 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით,  ამავე წელს დაიწყო 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით პროფკავშირების აქციები საფრანგეთშიც. 1889 წელს საერთაშორისო გაფიცვების ტალღას სოლიდარობა გამოუცხადა გერმანულმა პროფკავშირებმაც, თუმცა გერმანული კერძო კომპანიების ნაწილი დასაქმებულებს აქციებში მონაწილეობის შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდა.

საქართველოში მუშათა პროტესტი 1900 წელს კრახით დასრულდა. მუშები საქართველოში ხელფასის მომატებას, 8-საათიან სამუშაო დროსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს იძულებით შესრულებას აპროტესტებდნენ. გაფიცვები სულ ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და 150 კაცის დაპატიმრებით დასრულდა.

2018 წლის დასაწყისში კვირაში 28-საათიანი სამუშაო დროის მოთხოვნით დავა სასამართლოსთან მილიონობით გერმანელმა მუშახელმა მოიგო. კომპანია IG Metall-მა და გერმანიის მუშათა კავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2,3 მილიონ მუშახელს ნაკლებ სამუშაო დროს და მეტ ხელფასს შესთავაზებენ. ამავე ხელშეკრულების მონაწილეები არიან კომპანიები: Bosch-ი, Mercedes-Benz-ი, Daimler-ი  და 700-ზე მეტი გერმანული კომპანიის წარმომადგენელი, ისინი 28-საათიან სამუშაო კვირაზე გადავლენ ორი წლის განმავლობაში და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან 35-საათიან სამუშაო კვირას. მოსალოდნელია, რომ ამ მიდგომას გერმანიაში სამომავლოდ ტალღისებური ეფექტი ექნება. კომპანიაში დასაქმებულების ხელფასების ზრდა 2018 წლის აპრილიდან არის განსაზღვრული.

მუშათა გაფიცვები გერმანიაში, 2018 წლის თებერვალი / ფოტო: Reuters

საქართველოში შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით დემონსტრაციები იშვიათად იმართება, პროტესტის ამ ფორმას პერმანენტულად მხოლოდ ის დაწესებულებები მიმართავენ, რომლის დასაქმებულებიც პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლეს რისკავენ სამუშაო გარემოში. შედეგი, რაც მათ ასეთ გამოსვლებს აქვს, მინიმალურია.

მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. 2016 წელი.

2016 წლის ტყიბულის მეშახტეთა პროტესტის დროს მუშები ხელფასის 40%-ით მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, თუმცა მაშინ მათი ხელფასი მხოლოდ 7 %-ით გაიზარდა და საპროტესტო დემონსტრაციებიც შეწყდა. პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მაშინ აღნიშნავდა, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რაც კომპანიას დასაქმებულებისთვის შეეძლო შეეთავაზებინა.

ხუთშაბათს, 3 მაისს, ხელფასის 45%-ის მომატების მოთხოვნით აპირებენ გაფიცვას მეტროს მემანქანეები, სატრანსპორტო კომპანია და თბილისის მერია კი, ხელფასების ზრდას გამორიცხავენ.

წყარო: Workers of the world

BBC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: